უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს სავარაუდოდ აშშ 3 მილიარდიანი დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელიც დაგეგმილი არ ყოფილა

ხვალ სავარაუდოდ  აშშ უკრაინას დახმარების 3 მილიარდიან პაკეტს გადასცემს, რომელიც აქამდე დაგეგმილი არ იყო. ამის შესახებ საერთშორისო სააგენტოები, როიტერი და ასოშეითედ პრესი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება აშშ–ს მიერ უკრაინისთვის ომის დაწყების შემდეგ გამოყოფილი ყველაზე დიდი ერთჯერადი ტრანში.

შეგახსენებთ, რომ სულ კონგრესმა უკრაინისთვის დახმარების 40 მილიარდ დოლარიანი მოცულობა დაამტკიცა, საიდანაც 20 მილიარდი სამხედრო საჭიროებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის დაიხარჯება.

ხვალ, 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და რუსეთის უკრაინაში შეჭრის 6 თვის თავია.

აშშ–ს ერთგვარი საჩუქარი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის მისდამი მხარდაჭერის გამოხატვა იქნება.

“იმის გამო, რომ რუსეთ–უკრაინის ომი ჭიანურდება, აშშ–ს დახმარება უსაფრთხოების სფეროში უფრო გრძელვადიანი კამპანიისკენ იხრება“– უთხრა სააგენტოებს წყარომ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის კომპეტენტურ პირებს ეყრდნობა.

სავარაუდოდ აშშ–ს დაუგეგმავი დახმარების თანხა დრონების, სხვა იარაღის და აღჭურვილობის კონტრაქტების ანაზღაურებაში წავა.

წინა პაკეტების უმრავლესობისგან განსხვავებით ახალი დაფინანსება დიდწილად მიმართულია იმისკენ, რომ მისი თავდაცვითი პოზიციები გააძლიეროს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში – წერენ სააგენტოები.