აშშ–ში აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმებულია

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამერიკაში აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმებულია. მოსამართლეებმა ახალი გადაწყვეტილებით გააუქმეს 49 წლის წინ „რო უეიდის“ წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. ახალი გადაწყვეტილებით, ფეხმძიმობის დადგომიდან 15 კვირის შემდეგ აბორტი იკრძალება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ 1973 წელს მიღებული გადაწყვეტილება სწორი არ იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სამუელ ალიტო ამბობს, რომ „დროა ყურადღება გამახვილდეს კონსტიტუციაზე და აბორტის საკითხი ხალხის მიერ არჩეულმა შტატის წარმომადგენლებმა გადაწყვიტონ“. ის აქვე ამბობს, რომ თითქმით ნახევარი საუკუნის წინ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციის მეთოთხმეტე შესწორებას ეწინააღმდეგებოდა.

მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პროტესტი. ასობით ადამიანი ვაშინგტონში, უზენაეს სასამართლოსთან შეიკრიბა. ისინი ამბობენ, რომ “ უკან დაბრუნებას არ აპირებენ“ და ქალების უფლებებს დაიცავენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გამოცემა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ნათქვამი, იყო რომ ამერიკის უზენაესი სასამართლოს კონსერვატიული უმრავლესობა მზად იყო შეეცვალა აბორტის შესახებ 49 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ამერიკაში პროტესტი დაიწყო. მაშინ, სასამართლოს წარმომადგენლებმა დოკუმენტის ნამდვილობა არ დაადასტურეს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმოს აბორტის კონსტიტუციური უფლება ამერიკელ ქალებს საკუთარ სხეულზე კონტროლის უფლებას წაართმევს.

“ეს სევდიანი დღეა სასამართლოსა და ქვეყნისთვის”, – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას. მან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას “სასტიკი” უწოდა და განაცხადა, რომ ამერიკა 150 წლით უკან ბრუნდება.

მან მოუწოდა კონგრესს, რომ მიიღოს კანონი აბორტის უფლებების აღსადგენად, ხოლო ამომრჩეველს – ამოირჩიონ კანონმდებლები და შტატის ხელმძღვანელები, რომლებიც ამ უფლებებს დაიცავენ.

ბაიდენის თქმითვე, მისი ადმინისტრაცია დაიცავს უფლებას, რომ აბორტის გასაკეთებლად ქალებმა შტატების საზღვრების გადაკვეთა შეძლონ, ასევე, გაატარებენ ზომებს, რომ მედიკამენტები აბორტისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი გახდეს.

როგორც Reuters წერს, თავისი კარიერის დასაწყისში ბაიდენი Roe გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო და მხოლოდ მოგვიანებით მიიღო აბორტის უფლება.

“დღეს ავტომატურად ძალაში შედის შტატების კანონები, რომლებიც აბორტს კრძალავს”, – თქვა ბაიდენმა, რომელმაც ზოგიერთ კანონს უწოდა “იმდენად ექსტრემალური, რომ ქალები შეიძლება დაისაჯონ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისთვის” და “იძულებულნი გახდებიან, საკუთარი მოძალადის ბავშვები გააჩინონ”.

მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ცალკეულ შტატებს შეეძლებათ, ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება აბორტის პროცედურის დაშვება-აკრძალვასთან დაკავშირებით.

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის შტატების ნახევარი ახალ შეზღუდვებს ან აკრძალვებს შემოიტანენ საკუთარ კონსტიტუციებში. მაგრამ ასევე, რამდენიმე შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა, მათ შორის კალიფორნიის, ნიუ-მექსიკოსა და მიჩიგანის ჩათვლით, უკვე გამოაცხადეს, რომ Roe v Wade-ის გააუქმების შემდეგ ისინი საკუთარ კონსტიტუციებში აბორტის უფლებას შეიტანენ.