ახალი ფიგურანტები და გავლენიანი პირები ბაჩალიაშვილის საქმეში.ადვოკატი მაღალჩინოსნების ინტერესებზე საუბრობს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა ვერ ხსნის მიზეზს, რატომ დაიბარეს დღეს ექსპერტიზის ბიუროში, რადგან ახალი არაფერი გაუგიათ. გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ოჯახი მხოლოდ იმაში დარწმუნდა, რომ გამოძიება FBI-ის გამომძიებელთა ჩართვის გარეშე ვერაფერს გახდება.

გარდაცვლილის ოჯახსა და ადვოკატს ექსპერტებმა ვერც გამოძიებიდან სამი კვირის თავზე უპასუხეს, როგორ გაქრა პროგრამისტის ფეისბუქი. არ აქვთ პასუხი, მართლაც თამარმა მისცა ეს დავალება თუ სხვა პირების ჩარევით გაუქმდა.

ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროში დებენ პირობას, რომ ყველა მასალას, რომელიც ლეპტოპში შეიძლება ყოფილიყო აღადგენენ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ, როცა საქმეში Facebook – ის ადმინისტრაცია და ამერიკელი გამომძიებლები ჩაერთვებიან, მანამდე გამოძიება მორიგი სასწაულის იმედზეა.

მიხეილ რამიშვილი საქმეში ახალი ფიგურანტების გამოჩენის შესახებაც საუბრობს, მისი თქმით, მოწმეთა ახალმა ჩვენებებმა დაადასტურა ოჯახის ეჭვი, რომ ეს ბანალური მიზეზით თვითმკვლელობა არ ყოფილა.

ადვოკატი საქმეში მაღალჩინოსნების ინტერესებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ გამოძიებას საქმე ორგანიზებულ დანაშაულთან აქვს და გავლენიანი ფიგურების დახმარებით დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობენ.

გამოძიებისა და ოჯახის ინტერესების დამცველისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გარდაცვლილის უახლოესი მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენებაა. კაპანაძემ გამოძიებას ჩვენება 5-ჯერ მისცა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ხუთივე ჩვენება ერთმანეთისგან განსხვავებულია.

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი პირობას დებს, რომ ძალიან მალე საგამოძიებო უწყებას დაუსახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, რომლებიც საქმის მთავარი და გავლენიანი ფიგურანტები არიან.