ახლა მორიგი „ტრიუკი” გაითამაშა – გოცირიძე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

„ქართული ოცნება” არსებობს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.

„გვახსოვს როგორ „წავიდა” ერთხელ, მაგრამ არსად წასულა. გადადის ნაჩვევ კულუარულ მართვაზე. მაშინ პარტია ლამის დაენგრა, იგრძნეს რა წნეხის ოდნავი მოშვება და ექსპერიმენტულ რეჟიმში ილუზორული ავტონომიურობა, კინაღამ დაეშალა პარტია. ვერ გაინაწილეს ფული და გავლენები და ატყდა შიდა ომი, მერე იძულებული გახდა, უფრო აქტიურად ჩარეულიყო, ოფიციალური პოსტიც მოირგო „საქმეების დასალაგებლად”. ერთი კლანი( რომელიც ბიუჯეტიდან გამძღარი წავიდა), მეორეთი ჩაანაცვლა, ახლაც იგივე ხდება: დასვა ყველა მნიშვნელოვან ძალოვან, სასამართლო თუ სხვა პოსტებზე თავისი ხელქვეითები და უნდა, მათი ხელით და პირადი ნაკლები ოპერატიული ჩარევით მართოს ქვეყანა კულისებიდან, ეს უკვე გამოსცადა პანდემიის პირობებში. კვლავ ვიხილავთ შუშის სასახლეში საიდუმლო სტუმრობებს, დაბურული მანქანებით ვიზიტებს და ა. შ. ეს ნაცნობი სურათია. დღეს არსებული არაფორმალური სისტემა ვერ მუშაობს ივანიშვილის გარეშე. „ოსტანკინოს“ ტელეანძას ჰგავს, რომელიც აწყობილია ტროსზე, რკინის ბაგირზე. საკმარისია ის გაწყდეს და სისტემა ჩამოიშლება. ამის ეშინოდათ ხანძრის დროს. „ქართული ოცნება” არსებობს ან ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს. ოპერატიულ მართვაში მისი აქტიური თუ პასიური მონაწილეობა არაფერს ცვლის. მარიონეტების და მისი მამოძრავებლის ურთიერთობის რეჟიმი არც ახლა შეიცვლება. სიმბოლური „წასვლიდან” მის შედეგებსაც სიმბოლურად თუ შევაჯამებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩაიბარა დინამიკურად განვითარებადი ქვეყანა და „დაგვიტოვა” სიღატაკე და უსამართლობა. ნამდვილი წასვლა ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოხდება. ახლა მორიგი „ტრიუკი”( უყვარს ეს სიტყვა) გაითამაშა“,-განაცხადა გოცირიძემ.