ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველი მასალა 6 ოქტომბერს არის გადაღებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ბადრი ესებუას გაადადგილების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ კადრები არა სპეცოპერაციის შემდეგ, არამედ 2020 წლის 6 ოქტომბერს არის გადაღებული.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ მართებული ინფორმაცია მედიასაშუალებებში გავრცელებულ, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია.

ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს”,- აცხადებს შსს.

იწყების განცხადებით, ამ ინფორმაციის მიზანმიმართულად გაყალბება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება.

“პოლიცია, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.” – წერია განცახდებაში.