ბავშვების კისკისი და ჟრიამული არის ის, რისაც ეშინია COVID-19-ს – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავარი ნაძვის ხის ანთებისას კორონავირუსს “ომი გამოუცხადა” და თქვა, რომ ვირუსმა უნდა იცოდეს, რომ არ გვეშინია და არ დავნებდებით.

“პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს, რომ ერთადერთხელ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ, ჩვენ ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით”,– თქვა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსს ბავშვების “კისკისის და ჟრიამულის” ეშინია.

“ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის დროს გვაქვს ქვეყანაში. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, აი, ზესტად ეს არის ის, რისიც ეშინია პანდემიას და COVID-19-ს. სიცოცხლე გრძელდება, სიცოცხლე მშვენიერია”,– თქვა კალაძემ.