ბავშვებს როგორც საგანს ისე უყურებთ – კარანტინში იძულებით მოთავსებული ბავშვის დედა სასამართლოს მიმართავს

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი 11 წლის შვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინში იმყოფება. როგორც 11 წლის მოზარდის დედა აცხადებს კარანტინში ბავშვისთვის შესაბამისი პირობები არ არის რის გამოც თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

დედამ თვითიზოლაციაზე შესაბამისი მოთხოვნა მანამდე დაწერა სანამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდებოდა, თუმცა საზღვრიდან დედა-შვილი პირდაპირ კარანტინში გადაიყვანეს, სადაც ბავშვისთვის არც შესაბამისი კვება და არც შესაბამისი სივრცეა. ანა ასევე აცხადებს იმასაც რომ ის ერთადერთი არ არის ასეთი პრობლემით და მსგავს მდგომარეობაში არიან სხვა მშობლებიც. არგანაშვილის თქმით, საკარანტინო სივრცეში ბავშვის უფლებები დარღვეულია, რის გამოც მან  სასამართლოს უკვე მიმართა.

“ოთახში არ მაქვს რაიმეს გაკეთების საშუალება. ფაფა რომ მოვუხარშო, მაგის საშუალებაც არ მაქვს. ხომ არ შეიძლება, ბავშვმა 14 დღე ჭამოს ძეხვი და სოსისი, დავუშვათ ხო? ბავშვს უნდა ფაფა. და კიდევ უარესი – სარეცხს ვერ ვრეცხავ. ხელსაბანში ვერ გავრეცხავ სარეცხს, პატარაა. ელემენტარულად, ხო შეუძლიათ შეიმუშავონ სტანდარტი, რომ, როდესაც არის ბავშვი, ამ ასაკამდე სჭირდებათ სივრცე. მე ასეთი არჩევანი დამიყენეს, რომ სამ ადამიანზე ან ორი საწოლი, ან სამი. ეს არ არის არჩევანი. ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ბავშვები არ აინტერესებთ”, – განაცხადა ანა არგანაშვილმა.

” სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობები უზრუნველყოფაზე და სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, დატოვა ბავშვი კანონის დარღვევით იზოლაციაში. ხარვეზის შევსებას ითხოვს და ამასობაში გავიდა კარანტინის ვადა.

მიზეზი: წარმოდგენილი უნდა იქნას
გასაჩივრებული აქტი და მიეთითოს აქტის რეკვიზიტები.

ალბათ, ვერ მიხვდა სასამართლო, რომ ერთ ოთახში ვარ გამოკეტილი, არანაირი აქტი არ ჩამბარებია, არავინ მეკონტაქტება, ტელეფონზე არ მპასუხობენ, უამრავ იმეილს ვაგზავნი და არავინ მპასუხობს ჯანდაცვის სამინისტროდან. აქტი კი არა, ბავშვისთვის ადეკვატური საკვების მოპოვებას ვცდილობ.

გასაგებია, რომ არავის გამოგიცდიათ რა არის თავისუფლების შეზღუდვა და აქედან რამის გასაჩივრების მცდელობა. წარმოდგენა ხომ მაინც შეიძლება: გამოკეტილი ვარ, დისტანციურად აქტს არ მაძლევენ და ზუსტდ მაგას ვასაჩივრებ. ხომ ვერ გავალ ძალით და მივალ სამინისტროში აქტის მოსათხოვად.

ბავშვმა მითხრა: შენ ჩემი უფლებები ვერ დაგიცავს, სხვა ბავშვებს როგორ დაიცავ.

რა აქტი, რა აქტი…”- წერს ანა სოციალურ ქსელში.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ქალთა მოძრაობამაც.

” კარანტინში არ არის გათვალისწინებული ბავშვისთვის შესაფერისი პირობები: ბავშვებს არ აქვთ სამოძრაო სივრცე, მთელი დღის განმავლობაში იძულებულები არიან იყვნენ უმოძრაოდ. ბევრ ბავშვს დახურულ და პატარა სივრცეში ეწყება ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც გამოხატულია დეპრესიული ფონით, შფოთვები, გაღიზიანებადობით; ეს თავის მხრივ ამძიმებს მშობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც. კარანტინში განთავსებამდე, არ ხდება ბავშვებთან ან მათ მშობლებთან გასაუბრება და მათი საჭიროებების შეფასება, შესაბამისად, არ ხდება ბავშვზე ორიენტურებული გადაწყვეტილების მიღება.ამასთან არ არის გათვალისწინებული ბავშვთა კვება; მშობლებს ხელი არ მიუწვდებათ ბავშვის მოვლის და ჰიგიენის ძირითად საშუალებებზე. დამატებით, დაფიქსირდა შემთხვევები დედებზე ზეწოლისა, რათა მათ საჯაროდ არ ისაუბრონ კარანტინში შექმნილი პრობლემების შესახებ.

აქვე ვეხმიანებით უფლებადამცველი ანა არგანაშვილის შემთხვევას, რომელიც არასრულწლოვან შვილთან ერთად ამჟამად კარანტინში იმყოფება და მეექვსე დღეა უშედეგოდ ცდილობს გაასაჩივროს თვითიზოლაციაში გადასვლაზე უარი. როდესაც კვალიფიციური იურისტი და უფლებადამცველი ქალი ვერ ახერხებს საკუთარი შვილის უფლებების ეფექტურ დაცვას და მასაც კი თხოვენ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების წაშლას, წარმოგვიდგენია, რა მდგომარეობაში არიან სხვა დედები, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური ცოდნა. ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა კოვიდის დროს განსაკუთრებით მოუწოდება ქვეყნებს იზრუნონ ბავშვთა ფსიქო-ემოციურ უსაფრთხოებაზს და მაქსიმალურად გამოიყენონ ღონისძიებები მათთვის ზიანის შესამცირებლად. ქალთა მოძრაობა მოითხოვს აღნიშნული რეკომენდაციის შესრულებას და ანა არგანაშვილის და სხვა მშობლების მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესწავლას თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ და მთავრობას მოუწოდებს ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ მათი ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით. “- ნათქვამია განცხადებაში.

არასრულწლოვნების კარანტინში მოთავსებას ბრიფინგის დროს გამოეხმაურა პრემიერმინისტრის სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია ზომები, რომ ოჯახები ადეკვატურ ფართებში განთავსდნენ.

ჩიქოვანის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ ოპერაციულ შტაბს დაევალა, რომ არასრულწლოვნების კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით დამატებითი რეკომენდაციები შემუშავდეს. დეტალებზე მას არ უსაუბრია

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებას, კი ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში პასუხობს :

“დღეს მთავრობის პრესსპიკერს ირაკლი ჩიქოვანს უთქვამს პრესკონფერენციაზე რომ არასრულწლოვნის განთავსება იძულებით კარანტინში ხდება ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით. ეს არის მცდარი ინფორმაცია:

-ბავშვს არ ელაპარაკებით განთავსებამდე.
-მშობელს არ ეკითხებით ბავშვის საჭიროებების შესახებ.
– არაფერს ამოწმებთ. არც კი ნახულობთ ბავშვს, ისე იღებთ გადაწყეტილებას.
-კარანტინში ერთხელაც არ მოიკითხავთ ბავშვს.
– ერთხელაც არ ამოწმებთ იქნებ, რა მდგომარეობაში ჰყავს მშობელს? იქნებ ბავშვი ძალადობის მახვერპლია და უნდა ვინმეს დაუკავშირდეს, იქნებ ბავშვს აღარ შეუძლია გაძლება და უნდა პირობები შეუცვალოთ.

ბავშვებს როგორც საგანს ისე უყურებთ და ზუსტად ამას ვასაჩივრებ სასამართლოში.ძალიან სამწუხაროა ასეთი მიდგომა ბატონო ირაკლი, თქვენგან მეტის მოლოდინი მქონდა.”- წერს ანა არგანაშვილი.