ბავშვებს უნდა ვასწავლოთ პედოფილის ამოცნობა – ბაია პატარაია სკოლებში სექსუალურ განათლებაზე

‘ბავშვებს უნდა ვასწავლოთ პედოფილის ამოცნობა ” – ამის შესახებ “საფარის” დამფუძნებელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

”პედოფილიისაგან ბავშვების დაცვის საუკეთესო გზა არის განათლება. ამ ქვეყანაში ხალხს სექსუალური განათლება ბავშვებისთვის კამასუტრას სწავლება ჰგონია, სინამდვილეში კი ეს ბავშვების დასაცავად ბავშვის შეიარაღებაა ცოდნით.

ბავშვს უნდა ვასწავლოთ რა ადგილებია ინტიმური, ვის და როდის შეუძლია შეხება, ანუ მაგალითად ჰიგიენის პროცედურების ჩატარების დროს რომ ნორმალურია, ან ექიმთან ვიზიტის დროს, თუ ტკივილები აწუხებთ და ა.შ. სხვა ყველა შემთხვევაში, რომ ეს სექსუალური ძალადობაა უნდა იცოდნენ პატარებმა. თავისით ეს არც ერთმა ბავშვმა არ იცის და ვერც მიხვდება ამას თავისით და დიდხანს იქნება ძალადობის ქვეშ.

ბავშვებს უნდა ვასწავლოთ პედოფილის ამოცნობა და ამისათვის აბსოლუტურად არაა საჭირო სექსის სწავლება და ამას ჰქვია სექსუალური განათლება. უნდა ვასწავლოთ, რომ პედოფილის მუქარის არ შეეშინდეს. უნდა ვასწავლოთ, თუ ვის მიმართოს საშველად და რომ მშობლის გარდა, ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, ან მანდატური და ა.შ.

სექსუალური განათლება ნიშნავს ბავშვის ცოდნით აღჭურვას, რომ მან თავის დაცვა ისწავლოს. ამ ქვეყანაში კი სექსუალურ განათლებას უფრო მაგრად ებრძვიან, ვიდრე თავად პედოფილიას. ესეც უვიცობის ბრალია და ასევე ვასაძებრთა და საპატრიარქოს პოზიცია, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ პრობლემაზე ბავშვებს არ დაელაპარაკებიან, ეს პრობლემა თავისით გაქრება. ამ დროს პირიქით, რაც უფრო დამალული და უთქმელია, მით უფრო ყვავის პედოფილია.
თუ ბავშვების დაცვა გვინდა, ბავშვებს უნდა მივცეთ შესაბამისი ცოდნა, რომ ამოიცნოს პედოფილის ქცევა და დროულად ითხოვოს შველა უფროსისაგან.”- წერს ბაია პატარაია.