ბათუმში ოპოზიციონერ დეპუტატებს სთავაზობენ თანხას და ემუქრებიან სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით – კუპრაძე

“ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს, აშანტაჟებენ კერძოდ კი მათ  ემუქრებიან ოჯახის წევრებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით. ამის შესახებ კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას უჭირავს, თუმცა მიმდინარეობს ოპოზიციონერი დეპუტატების გადაბირების და დაშანტაჟების პროცესი, სთავაზობენ დიდძალ თანხას და ემუქრებიან ოჯახის წევრებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით, ამას კი ყველაზე ახლობელი-შუამავალი ადამიანების პირით აკეთებენ.

გიორგი კირთაძემ დაადასტურა დღევანდელი ბრიფინგით, რომ ენმ-ის წევრებზე მიმდინარეობს ზეწოლა და მზადაა სწრაფი კონსულტაციებისთვის.

გახარიას გუნდმა ეს ზეწოლა უკვე გამოსცადა და ერთი გადაბირებული დეპუტატიც მიიღო.

ვეთანხმები და დაჟინებით ვითხოვ სწრაფი კონსულტაციის გამართვას ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელთაგან, ყველას ერთად-უკლებრივ გვიჭირავს ოპოზიციური უმრავლესობის ფორმირების გასაღები. 1 ხმის დაკარგვა და გაყიდვაც კი, ოპოზიციური უმრავლესობის დაშლას ნიშნავს.

დრო მხოლოდ ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობს, რომელიც მზადაა ძალადობის, ზეწოლის და მოსყიდვის ნებისმიერი ფორმა გამოიყენოს უმრავლესობის მისაღებად. შესაბამისად, სამივე ოპოზიციურმა პარტიამ (ლელო; გახარია საქართველოსთვის; ენმ) უნდა აიღოს შესაბამისი პასუხისმგებლობა, დროულად დაგეგმოს კონსულტაცია და მიაღწიოს შეთანხმებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ნათელი გახდება!

პ.ს. ვთხოვ, მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს, დაუთმეთ ყურადღება ბათუმის ოპოზიციურ საკრებულოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, რომლის ხელიდან გამოცლას ცდილობს ქართული ოცნება, ძალადობით და ზეწოლით.”- წერს კუპრაძე.