ბათუმში ე.წ. კანონიერი ქურდის მხარდამჭერ აქციაზე ოთხმა ადამიანმა პირი ამოიკერა

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის იგივე “ლავასოღლის” ოჯახის წევრები და ახლობლები ბათუმის ქუჩებში საპროტესტო აქცია-მსვლელობას აწყობენ. ისინი საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს კიდევ ერთდღიან ვადას აძლევენ, რათა მინდია გორაძის თურქეთის საპატიმროდან საქართველოში ექსტრადირება მოხდეს. აქციის მონაწილე 15 წევრი შიმშილს აგრძელებს, ხოლო ოთხმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

ბათუმის იუსტიციის სახლთან, აქციის მონაწილეთა ნაწილს კარავი აქვთ გაშლილი. როგორც მინდია გორაძის დამ ჟურნალისტებს განუცხადა, თავად მსჯავრდებული გორაძე თურქეთის საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ცნობისთვის, მინდია გორაძე თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება, მას ქურდულ სამყაროს წევრობაში ედება ბრალი.