“ბათუმში მსგავსი სტიქია ბოლო რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა“– “ბათუმის წყალი“

“ბათუმში მსგავსი სტიქია ბოლო რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. მობილიზებულია “ბათუმის წყლის” სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები.“ – ამ ინფორმაციას ბათუმის წყალმომარაგებელი კომპანია ავრცელებს. მათი განცხადებით, სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება.

ამ ეტაპზე ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ადგილზე თითქმის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა წვიმის შედეგად გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას.“– წერია ბათუმის წყლის განცხადებაში.

რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ბათუმს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. წყალდიდობის გამო, პარალიზებული იყო ქალაქში შესასვლელი. დაიტბორა ასევე საცხოვრებელი სახლები.

ბათუმში გადაადგილება ამ დრომდე გართულებულია. თბილისიდან ჩასული დამსვენებლები მთელი დღე ფეისბუქზე წერდნენ, რომ ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებენ.

“წყალდიდობა აჭარაშიო და ერთი ჩვეულებრივი ბათუმური ძლიერი წვიმა დაიწყო გუშინ ღამე, ნილოსი კი არ ადიდებულა. პარალიზებულია სრულიად ქალაქი, სანიაღვრე ჭებიდან დილიდან წყალი ბუყბუყით ზემოთ ასხავდა. ადგილობრივი მძღოლი გენო ყვება – რამდენიმე წლის წინ მთელი ქალაქი გადათხარეს და უზარმაზარი ტრუბები ჩაყარეს, მთელ ქალაქში გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. ჭიათურლები კი მუშაობდნენ მუშებად, მაგრამ იძახდნენ პროექტი გერმანელების გაკეთებულიაო. ალბათ აქანე-იქანე რაცხა ვერ ქნეს იმნაირად რაფერც საჭირო იყო.

ფაქტია ბათუმში ძლიერი წვიმა და ქაოსი ერთია. ტაქსი უარს ამბობს გამოძახებაზე. ვისოლის ბენზინგასამართზე საწვავი ვერ ჩავასხით, დენი დილიდან წავიდა და ამხელა კომპანიის სადგურს ერთი დვიჟოკი არ აქვს. გეგონება პირველად ხდება რომ წვიმასთან ერთად დენიც მიდის აჭარაში და მოუმზადებლები შეხვდნენ.

კილომეტრიანი საცობია ქალაქის გასასვლელისკენ. კვირაა და მოგეხსენებათ ბევრი დღეს ბრუნდება თბილისში. მახინჯაურთან გზა გადაკეტილია. არ გვიშვებენ.

შვებულება დღეს დამიმთავრდა.

აღარ დავბრუნდე თუ რა ვქნა?“– წერს ერთ–ერთი ფეისბუქ მომხმარებელი.