ბათუმში TV პირველის ოპერატორის ცემისთვის 2 პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ქალაქ ბათუმში, TV პირველის ოპერატორის ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავა.  18 ივნისს ღამით, ბათუმში, ტვ პირველის ოპერატორს, თემურ ზოიძეს თავს დაესხნენ. მას თან შვილებიც ახლდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორი ჩართვისთვის ემზადებოდა, როდესაც მას რამდენიმე მოქალაქე მიუახლოვდა და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 18 ივნისს, 23:15 საათზე, ქალაქ ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, TV პირველის ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა –  რესპოდენტთან ერთად პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა, რა დროსაც მასთან ბრალდებულები მივიდნენ და TV პირველის საქმიანობასთან დაკავშირებით აგრესიული საუბრითა და გინებით უკმაყოფილება  გამოთქვეს. აღნიშნულის შემდეგ, ოპერატორსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ბრალდებულებმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”.- აღნიშნულია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის განცხადებით, მოწმეთა ჩვენებებისა და ამოღებული ვიდეო მტკიცებულებების გაშიფვრის საფუძველზე დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ სისხლის სამართლის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული დანაშაული – პროფესიული ნიშნით ადამიანის დევნა.