New York Times–ის ცნობით აშშ–ს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთზე კიბერდარტყმას ამზადებს. ეს იქნება პასუხი ამერიკულ სამთავრობო სააგენტოებზე მაშტაბურ ჰაკერულ შეტევაზე, რომლის შესახებ ცნობილი გასული წლის ბოლოს გახდა.
პენტაგონის აზრით ამ თავდასხმის უკან რუსეთის სამთავრობო სააგენტოები დგანან.
გამოცემის ინფორმაციით ვაშინგტონის პასუხი უახლოეს სამ კვირაშია მოსალოდნელი და ეს იქნება “საიდუმლო დარტყმების სერია რუსულ ქსელებზე, რომლებიც უნდა შენიშნონ ვლადიმირ პუტინმა და მისმა სადაზვერვო სამსახურებმა, თუმცა არა დანარჩენმა სამყარომ.“ New York Times–ის წყაროები იტყობინებიან, რომ ეს ქმედებები ეკონომიკური სანქციების პარალელურად განხორციელდება, თუმცა ამ მხრივ აშშ–ს შესაძლებლობები შეზღუდულია, რადგან მათ ვაშინგტონს მოსკოვის წინააღმდეგ რეალურად ქმედითი ზომების მისაღებად ძალიან ცოტა ბერკეტი დარჩა.
ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით საჯაროდ გამოცხადეული სანქციების და გაუხმაურებელი კიბერტარტყმების კომბინაციის მიზანია რუსეთს „ ფართო სტრატეგიული დისკუსიისკენ“ უბიძგონ. თუმცა, როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ახლა ვაშინგტონს ახალი პრობლემა გაუჩნდა– ჩინეთის აგრესიული ქმედებები, რომელმაც კომპანია Microsoft–ის ინფორმაციით მათ სერვერებზე თავდასხმა განახორციელა.
ეჭვგარეშეა, რომ ამ თავდსხმის მაშტაბები ამერიკელ ჩინოვნიკებს ჩინეთზე საპასუხო თავდასხმის აუცილებლობაზე ჩააფიქრებს. ეს კი მათ პოტენციურად მზარდი კონფლიქტის საფრთხის წინაშე აყენებს ერთდროულად ორ ქვეყანასთან, რომლებიც აშშ–ს ყველაზე მსხვილი მოწინააღმდეგეები არიან ბირთვული იარაღის მფლობელ სახელმწიფოთა შორის.