“ბაიდენის ადმინისტრაციამ კრემლს უნდა აჩვენოს, რომ ოკუპაცია მიუღებელია” – ანალიტიკოსები

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციიდან და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრიდან თითქმის 7 წელი გავიდა. საოკუპაციო ძალები კვლავ არიან განლაგებულნი უკრაინისა თუ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვაშინგტონში ანალიტიკოსები ამერიკის უფრო აქტიური პოლიტიკის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მეზობლების მიმართ კრემლის აგრესიული ნაბიჯების წინააღმდეგ ბაიდენის ადმინისტრაციის პასუხი, შესაბამისად მკაცრი უნდა იყოს.

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა – ერთ-ერთი ის საკითხი იყო, რომელიც ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან პირველი სატელეფონო ზარისას განიხილა. ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები ვაშინგტონში თანხმდებიან, რომ რუსეთთან კიდევ ერთი „გადატვირთვის პოლიტიკა“ მოსალოდნელი არ არის. მით უმეტეს, კრემლის მიერ შევიწროებული მეზობელი სახელმწიფოების ინტერესების ხარჯზე.

ექსპერტთა უმეტესობა იმის ნიშნებსაც ხედავს, რომ ამერიკის როლი უფრო აქტიური იქნება აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთის უშუალო სამეზობლოში. თუმცა რუსეთის აგრესიის შესუსტება მათთვის ძნელად წარმოსადგენია.

“შეიცვლის თუ არა კრემლი პოლიტიკას ბაიდენის ადმინისტრაციისას? მარტივი პასუხია – შეიძლება”, – ამბობს ალექსანდრ ვერშბოუ, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი და ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში. ვერშბოუ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეც იყო. “ამ დრომდე ხანგრძლივი, ჩიხში შესული მოლაპარაკებები რუსეთს ძვირი არ დასჯდომია. თუმცა ვფიქრობ, პუტინმა სერიოზულად უნდა მიიღოს პრეზიდენტ ბაიდენის გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ მისთვის საფასური გაიზრდება.

“ის ბაიდენი აპირებს ევროპელი მოკავშირეების, დიდი შვიდეულის ქვეყნების, პარტნიორების მობილიზებას, და თუკი ვლადიმირ პუტინი დაინახავს უფრო დიდი პოლიტიკური წნეხისა და უფრო მკაცრი სანქციების საშიშროებას, მან შეიძლება, როგორც ეს ტრამპის ადმინისტრაციის პირველ პერიოდში ვნახეთ, გამოამჟღავნოს მზადყოფნა გამოსავლის მოსაძებნად. ასეთ დროს სამშვიდობო მოლაპარაკებები, იდეები თუ შეთავაზებები, შესაძლოა კვლავ რელევანტური გახდეს”, – მიიჩნევს ვერშბოუ.

„ის, რაც 2008 წელს მოხდა, იმის მაცნე იყო, რაც 2014 წელს უკვე უკრაინაში ვიხილეთ და უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლეთს არ დაუწესებია სანქციები პუტინის რეჟიმისთვის მის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის და იმის გამო, რომ ის განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 %-ის ოკუპირებასა და მცოცავ ანექსიას. კრემლზე მეტი წნეხია საჭირო. ჩვენ ძალიან ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რომ სხვა ქვეყნების ოკუპაციის გაგრძელება არც მისი ინტერესებისთვისაა სასიკეთო,
– დევიდ კრამერი

თუმცა, ყოფილი დიპლომატი კრემლის სხვა გამოწვებზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ ახლა ვლადიმირ პუტინს სისუსტის გამოჩენა შესაძლოა დამღუპველადაც კი მიაჩნდეს: „არ ვვარაუდობ, რომ ეს სასიკეთო ცვლილებები ახლო მომავალში მოხდება. რუსეთი კვლავ აგრძელებს და აძლიერებს გამომწვევ საქციელს: ალექსეი ნავალნის, ბელარუსის და ასევე უკრაინის საკითხებში”, – ამბობს მკვლევარი და დასძენს:

“ეს არ არის დრო, როდესაც ვლადიმირ პუტინს სურს სისუსტის ან მოქნილობის გამოჩენა. მაგრამ თუკი მასზე წნეხი გაიზრდება, შეიძლება გამოსავლის ძებნა დაიწყოს კიდეც. და მე მართლაც ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელ მოკავშირეებთან და უკრაინასთან ერთად მუშაობით, შეძლებს შეამოწმოს, შესაძლებელია თუ არა ამ გაჭიანურებული ჩიხური მდგომარეობის შეცვლა მაგალითად აღმოსავლეთ უკრაინაში”, – ამბობს ალექსანდრ ვერშბოუ.

ანალიტიკოსების ნაწილი იმედოვნებს, რომ ამერიკული დიპლომატია ამ მიმართულებით უფრო პროაქტიული გახდება. უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან კიდევ უფრო დაახლოების ხელშეწყობით კი, კრემლი დაინახავს, რომ განგრძობითი ოკუპაცია და აგრესია ამ ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას და დასავლურ ინტეგრაციას არ გამორიცხავს:

„ის, რაც 2008 წელს მოხდა, იმის მაცნე იყო, რაც 2014 წელს უკვე უკრაინაში ვიხილეთ და უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლეთს არ დაუწესებია სანქციები პუტინის რეჟიმისთვის, მის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის გამო. არ გვაქვს სანქციები იმის გამო, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებასა და მცოცავ ანექსიას”, – ამბობს დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.

“ვფიქრობ, მეზობლების მიმართ მთელი მისი ქმედებების გამო კრემლზე მეტი წნეხია საჭირო. ბატონი პუტინი თავად ახერხებს მეზობლების თავის წინააღმდეგ განწყობას. ერთადერთი გზა, რომლითაც მეგობრებს ვერასდროს შეიძენ, მათ ტერიტორიებზე შეჭრაა… ასე რომ, ჩვენ ძალიან ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რომ სხვა ქვეყნების ოკუპაციის გაგრძელება არც მისი ინტერესებისთვისაა სასიკეთო”, – ამბობს დევიდ კრამერი.

თეთრი სახლის ადმინისტრაციისა და ვაშინგტონის ანალიტიკური წრეებში არსებული შეხედულებების პარალელურად, საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება ამერიკის კონგრესშიც. გასულ კვირას, პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეები ამბობენ, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებასა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით, რუსული აგრესიის პირობებში.

წყარო : ამერიკის ხმა