ბაიდენი: პუტინი ამერიკულ არჩევნებში ჩარევისთვის პასუხს აგებს. აშშ რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო სანქციებს აფართოებს

აშშ–ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოუწევს პასუხისგება ამერიკულ არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. მანამდე გამოქვეყნდა აშშ–ს დაზვერვის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი და ირანი ცდილობდნენ აშშ–ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინათ.

“ის ამისთვის პასუხს აგებს“– განაცხადა ბაიდენმა ტელეარხ ეი ბი სი–სთან ინტერვიუში. მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა და პირობა დადო, რომ პუტინისთვის შედეგები მალე დადგება.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა აშშ–ს პრეზიდენტს კითხა, თვლის თუ არა ის პუტინს მკვლელად, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

ამასობაში აშშ–ს ვაჭრობის სამინისტრომ რუსეთთან ვაჭრობაში ახალი შეზღუდვების შესახებ განაცხადა.

ბაიდენის გამონათქვამების შემდეგ მოსკოვის ბირჟაზე დოლარის და ევროს კურსი მკვეთრად გაიზარდა.

კრემლში ჯერჯერობით ბაიდენის გამონათქვამებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა აშშ–ს პრეზიდენტის სიტყვებს პუტინის შესახებ რუსების შეურაცხყოფა უწოდა.

“ბაიდენმა თავისი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ეს არის უძლურებით გამოწვეული ისტერია. პუტინი ჩვენი პრეზიდენტია და მასზე თავდასხმები ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმაა“– დაწერა მან ტელეგრამ–არხზე.

ამასობაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება იზიარებს ამერიკელების არაერთ წუხილს რუსეთთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოსკოვთან ურთიერთობაში ამჟამად ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს.

დღესვე აშშ–ს ვაჭრობის სამინისტრომ საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ 18 მარტიდან აწესებს ახალ სავაჭრო სანქციების რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო.

ვაჭრობის სამინისტრო ცდილობს შეზღუდოს რუსეთის წვდომა ორმაგი დანიშნულების ამერიკულ ტექნოლოგიებზე, რომლებიც რუსეთმა შეიძლება ქიმიური იარაღის შესამუშავებლად გამოიყენოს.

აშშ შეზღუდავს რუსეთში აღჭურვილობის, ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტსა და რეექსპორტს, რომლებიც ნაციონალურ უსაფრთხოებას უკავშირდება.

საქონლისა და მომსახურების რიგი კატეგორიებისთვის, რომლებიც სამოქალაქო ავიაციას და კოსმოსის სფეროს უკავშირდება, გამონაკლისები იმოქმედებს.

აშშ–ს ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ექსპორტის შეზღუდვები რუსეთის ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას უკავშირდება, რაც საკუთარი მოქალაქეების მიმართ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში გამოიხატება.

საქმე ეხება გრუ–ს ექს ოფიცერის, სერგეი კრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლას დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 2018 წელს, ასეევ 2020 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნის მოწამვლას რუსეთში.

“აკრძალული მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დისიდენტების წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ რუსეთის ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია მისი ვალდებულებები ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის ფარგლებში და პირდაპირ სასიკვდილო რისკები შეუქმნა საკუთარი და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ვაჭრობის სამინისტროს განზრახული აქვს შეზღუდოს რუსეთის წვდომა საიდუმლო ამერიკულ ტექნოლოგიებზე, რომლებიც შეიძლება მის მიერ ქიმიური იარაღის შემუშავებისთვის იქნას გამოყენებული “– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამშაბათს გამოქვეყნდა აშშ–ს ნაციონალური დაზვერვის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ რომ ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას რუსეთი კვლავ ცდილობდა. ამას კი ის მაშინდელი კანდიდატის, ჯო ბაიდენის საწინააღმდეგო “მცდარი და უსაფუძვლო ბრალდებების” მეშვეობით და პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის ზოგიერთი მოკავშირის დახმარებით აკეთებდა.

ჩარევის მცდელობაზე ეროვნული დაზვერვის დირექტორის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ 15-გვერდიან ანგარიშშია საუბარი. აქვე განმარტებულია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირეები მოსკოვს საკუთარი განცხადებებითაც ეხმარებოდნენ, როდესაც ისინი ბაიდენის წინააღმდეგ რუსეთთან დაკავშირებული უკრაინელი პირების ბრალდებებს იმეორებდნენ.

დაზვერვის სააგენტოებმა ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენის სხვა მცდელობებიც აღმოაჩინეს. მათ შორის “გავლენის ფარული კამპანია” ირანის მხრიდან, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის საწინააღმდეგო მიზნები ჰქონდა. ანგარიშში ასევე საუბარია, კონტრ-ნარატივზეც, რომელსაც ტრამპის მოკავშირეები ავრცელებდნენ იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენს ჩინეთი ეხმარებოდა. დაზვერვის მესვეურები განმარტავენ, რომ პეკინის მხრიდან “გავლენის ოპერაციები” არ დაფიქსირებულა.

 

“ჩინეთს სურს სტაბილურობა ამერიკასთან ურთიერთობებში და რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო არჩევნები, ის ამას არ მიიჩნევდა სასურველ და უპირატესობის მიმნიჭებელ შედეგად საიმისოდ, რომ ამას ძალისხმევის გამოვლენის რისკები გადაეფარა”, – წერია ანგარიშში.

 

არჩევნებზე გავლენის მოხდენას, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ცდილობდნენ კუბის, ვენესუელის, ლიბანის სამხედრო დაჯგუფებები. თუმცა რუსეთისა და ირანის მიერ წარმართულ კამპანიებთან შედარებით, ისინი მცირემასშტაბიანად არის შეფასებული.