“ბარემ ზელენსკის “ოსკარი“ მიეცით და მუხლი მოიყარეთ უკრაინის წინაშე“–თინა კანდელაკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებით აღშფოთებულია

ერთ–ერთი რუსი პროპაგანდისტი, რუსული გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra–მ ევროვიზია 2022–ის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ რუსი ტელეწამყვანი და პროდიუსერი ტელეგრამ არხზე წერს:

“ევროვიზიამ დაამტკიცა, რომ ფეიკის კულტურა შეიძლება უსაზღვრო იყოს.

ფეიკ ევროვიზია – რა არის შემდეგი? ასე შეიძლება წინასწარ მისცე უკრაინას ყველა პრიზი, დაწყებული “ოსკარით“ ზელენსკისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებით დამთავრებული.

ამ მსოფლიოში ჭკუიდან შეიძლება მთელი ნაციოა შეშალო, თუ მიაჩვევ, რომ ყველას მისი ვალი აქვს.

ის დროც მოვა, როცა ამერიკელებს და ევროპელებს შესთავაზებენ უკრაინელების წინაშე მუხლი მოიყარონ.“

კანდელაკის სტატუსის კომენტარებში რუსები აღშფოთებას გამოთქვამენ ევროვიზიაზე უკრაინული ჯგუფის გამარჯვების გამო და მთელ ევროპას აკრიტიკებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს და ბელორუსს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროვიზიის 2022 წლის კონკურსში მონაწილეობა აეკრძალათ.