ბაჩალიაშვილის ავტომობილს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება

რუსთავის სამხარეო პოლიციაში, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა მიმდინარეობს.

დღევანდელ ექსპერტიზას „ჰიუნდაის” წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები ესწრებიან.

როგორც ექსპერტიზის დაწყებამდე ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, დღევანდელი ექსპერტიზით დეტალურად იქნება გამოკვლეული ავტომობილის მდგომარეობა გადაადგილების პროცესში.

„ექსპერტიზა არ დაგვიანებულა, გვინდოდა დიაგნოსტიკური აპარატის შეძენა, რის გამოც დავუკავშირდით „ჰიუნდაის“ სათაო ოფისს და გავარკვიეთ, რა ინფორმაცია შეიძლებოდა ამ ავტომობილიდან მიგვეღო. იქნებიან „ჰიუნდაის“ წარმომადგებელი, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტი და რა კითხვებიც გვაქვს ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. ექსპერტიზა ეხება ავტომობილის სავალ ნაწილებს, რამდენად შეეძლო მას დამოუკიდებლად გადაადგილება, შევხედავთ შიგნიდანაც მდგომარეობას, გავარკვევთ რა მანძილი გაიარა, ყველაფერი ეს ტექნიკური საკითხებია,” – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 – დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.