ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით – ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას ვერ მიედავება, რადგან ის კონკრეტულ შედეგზე არ გასულა.

„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ მივედავებით იმიტომ, რომ კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ინსინუაციების მიზანი დესტაბილიზაციაა.

„კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. დანარჩენი, ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია“, – განაცხადა ვოლსკიმ.