“თამუნას მეილი გაიხსნა, ვიღაცას აქვს წვდომა“–ბაჩალიაშვილის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სპეციალისტებმა გარდაცვლილის Gmail-ი გახსნეს. რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის მეილზე სხვა პირსაც აქვს წვდომა.

“დღეს თამუნას Gmail-ი გაიხსნა. მთელ იმ ინფორმაციიდან, რაც ფოსტაში იყო, რაც მოვახერხეთ დეტალურად გავეცანით. არის საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია. არის გარკვეულწილად რაღაც პერიოდები, სადაც დიდი კითხვის ნიშნებია. გარკვეული დრო 13-დან 18-მდე უცნაურადაა წაშლილი. ფოსტაში ძალიან ბევრი მიწერ-მოწერაა ყოველი დღის, მაგრამ 13-დან 18-მდე არანაირი მიწერ-მოწერა, არანაირი შეტყობინებები არაა, რაც გამოძებისთვისაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ვიღაცას აქვს წვდომა და ეს გადამოწმდება. რა ფორმით და როგორ, ამას გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-ი და ელექტრონულ ფოსტაში სპეციალისტები, ოჯახის თანდასწრებით შევიდნენ.

18 ივლისს დაკარგული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ ავტომობილში  გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.