“ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა” – პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა

პროკურატურა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

“საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვან ის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწვეტის შესახებ”, – აღნიშნეს პროკურატურაში.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქმის დახურვა უნდოდათ, მაგრამ არჩევნებს ელოდებოდნენ. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

„დახურვა უნდათ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩალითაც აღარ არის დახურული, ქვეყანა აღარ ჰქვია ამას. სტილისტი დაკითხეს და დასკვნა გააკეთეს, თურმე თავი მოუკლავს. ვინ იყო მეგობარი, რომელიც ბოდიშებს უხდიდა, თამუნა ვერ დაგეხმარეო, ვერ დაადგინეს. ექსპერტიზის უაზრო დასკვნებია, თურმე, ბუზს გადააქვს სისხლი ფეხსაცმელზე, ასეთი რაღაც თუ გაგიგიათ?

საქმის დახურვა უნდა თვითმკვლელობის მუხლით, 6 თვე იმას იკვლევდნენ, ჩემმა შვილმა თავი მართლა მოიკლა თუ არა… გაგვესაუბრნენ, რომ ეს საქმე უნდა დავასრულოთო. მინისტრი რომ გამოვიდა პირველ დღეს და თქვა, თვითმკვლელობააო, იგივე გაიმეორეს ახლაც. 6 თვე თურმე, სტილისტების და ქუჩაში გამვლელების დაკითხვას მოუნდნენ, თამუნას მანქანა დაინახეთ თუ არაო და 30 ტომი შეკრიბეს. არჩევნებს ელოდებოდნენ, იმიტომ წელავდნენ, ჯერ არ იციან ვისთან აქვთ საქმე, შეიძლება მაგათთვის ერთი პატარა მოლეკულა ვარ, მაგრამ ზუსტად მოლეკულა ხლიჩავს ატომს. დახურონ, სტარსბურგში გავასაჩივრებ, კერძო დეტექტივის ჩამოყვანაც რომ დამჭირდეს, მათ არაკომპეტენტურობას და არაპროფესიონალიზმს დავამტკიცებ“, – თქვა თამაზაშვილმა.