“ბახალა” სააპელაციო სასამართლომ ე.წ. რეანომობილის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. რეანომობილის საქმეზე უდანაშაულოდ სცნო.

ე.წ რეანომობილის საქმეზე გიორგი გიორგანაშვილს პროკურატურამ ბრალი 2018 წლის 2 აპრილს წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

გამოძიება ამტკიცებდა, რომ 2017 წლის იანვარში ირაკლი ქორიძე თავის ნაცნობებს, გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას შეუთანხმდა, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, შემდეგ კი ქორიძემ ნარკოტიკული საშუალება საზღვარზე მამამისის კუთვნილი მედიცინის ცენტრის რეანომობილით გადმოიტანა.

გიორგი გიორგანაშვილს სხვა საქმეზე 2018 წლის იანვარში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ბრალდება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით (0,3726 გრამი) ბუპრენორფინის შეძენა-შენახვას (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი) ედავებოდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკი “ჩაუდეს”.