ბახტაძესთან შეიძლება გვქონდეს საუბარი, თუ მას ასეთი ინტერესი აქვს – კობახიძე საარჩევნო სიაზე

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შესაძლოა ქართული ოცნების პარტიულ სიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მოხვდეს, თუ მას ამის სურვილი ექნება.

“მოქმედი კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ მოქმედი პრემიერი იყოს საპარლამენტო სიაში, ამაზე ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ, მათ შორის, რა თქმა უნდა თავად პრემიერთან კონსულტაციის საფუძველზე. ყველაფერი დანარჩენი, რაც სიას უკავშირდება, ამაზე საუბარი არის ნაადრევი. გვექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებთ ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს. ყველასთან გვექნება საუბარი, მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება გვქონდეს საუბარი, თუ მას აქვს ასეთი ინტერესი. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება სია. კონკრეტული კონსულტაციები ჯერ არავისთან ყოფილა” , – განაცხადა კობახიძემ.

მთავარი არხის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ბახტაძეს სიის ლიდერობა შესთავაზა. 

მამუკა ბახტაძე “ქართული ოცნების” მე-4 პრემიერი იყო. ის 2019 წლის 2 სექტემბერს “ფეისბუქ” პოსტით გადადგა.