ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული – “რუსთავის აზოტი”

“რუსთავის აზოტის” გენერალური დირექტორის მოადგილებმ, ლევან ბურდილაძემ განაცხადა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული.

მისი განმარტებით, სს “რუსთავის აზოტი” ქარხანას 2017 წლიდან მართავს, ტვირთი კი, გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელს მიეკუთვნება. მაშინ ქარხნის ოპერირებას სხვა კომპანია, შპს “რუსთავის აზოტი” ახორციელებდა.

“შესაძლებელია, მართლად რუსთავში ნაწარმოები გვარჯილა იყოს ეს, დანამდვილებით მე ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ შპს-ს წარმომადგენელი. გადაჭრით და დარწმუნებით არ შემიძლია ვთქვა, თუმცა არის შესაძლებლობა, რომ ეს მართლაც იყოს რუსთავში წარმოებული პროდუქცია”, – თქვა ბურდილაძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

მისი ინფორმაციით, რუსთავში წარმოებულ ამონიუმის ნიტრატს ვარგისიანობის ვადა 6 თვე აქვს, ბეირუთში აფეთქება კი უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

“ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვადაგასული ამონიუმის ნიტრატის შენახვა წლების განმავლობაში ხდებოდა უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით და ამან გამოიწვია ეს აფეთქება”, – ამბობს სს „რუსთავის აზოტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

ცნობისთვის, ლიბანის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ბეირუთში აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული. მისივე თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან.

ბეირუთის პორტში გუშინ, 4 აგვისტოს 2 ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 100 ადამიანი და 4000–ზე მეტი დაშავდა.