ბელგიის ელჩმა სამხრეთ კორეაში ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მისმა ცოლმა მაღაზიის გამყიდველს დაარტყა

სამხრეთ კორეაში ბელგიის ელჩმა ბოდიში მოიხადა მისი ცოლის “მიუღებელი რეაქციის გამო“ მაღაზიის თანამშრომლებთან დაპირისპირებისას, რომელიც სეულში მოხდა.

მაღაზიის კამერებით გადაღებულ და გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პიტერ ლესქუიერის  ცოლმა, სიან სიუეჯიუმ მაღაზიის კონსულტანტს სილა გააწნა. მაღაზიის პერსონალს სურდა დარწმუნებულიყო, რომ ტანსაცმელი, რომლითაც ის მაღაზიის დატოვებას აპირებდა ნამდვილად მისი იყო და არა მაღაზიიდან ნაქურდალი, რასაც ქალის მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

სეულში ბელგიის საელჩო იტყობინება, რომ 63 წლის სიანი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ინსულტის შემდეგ მოხვდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ყოველნაირად ითანამშრომლებს გამოძიებასთან ინციდენტის გამოძიებისას.

ინციდენტი 9 აპრილს მოხდა. სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, ელჩის ცოლი მაღაზიაში ერთი საათის განმავლობაში იზომავდა ტანსაცმელს, სანამ წასვლას გადაწყვეტდა. მას მაღაზიიდან გასვლისას ერთ–ერთი თანამშრომელი გაჰყვა, რომელსაც უნდოდა შეემოწმებინა, რომ ტანსაცმელი, რომელიც ქალს ეცვა ნამდვილად მისი იყო და არა მაღაზიიდან მოპარული.

როგორც მედია იტყობინება, ელჩის ცოლი მაღაზიის თანამშრომელთან ერთად მაღაზიაში შებრუნდა, ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დაპირისპირებისას მან ხელი ჰკრა და დაარტყა თანამშრომელს, რომელმაც ინციდენტში ჩარევა სცადა.

“არც ვიცოდი ვინ იყო ის ქალი, როცა თავს დამესხა. თუმცა ის თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და შეწუხებულს არ გავდა.“ – ამბობს მეორე თანამშრომელი, რომელიც ჩივის, რომ სილის გაწვნის შემდეგ ლოყა დაუწითლდა და შეუშუპდა.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბატონი ლესკუიერი გულწრფელად წუხს ინციდენტის გამო და უნდა მისი ცოლის სახელით ბოდიში მოიხადოს.

“გარემოებების მიუხედავად მიუღებელია ის, თუ რა რეაქცია ჰქონდა მას მომდარზე“– ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნათქვამია, რომ ელჩის ცოლი ჯერჯერობით ვერ ახერხებს პოლიციაში მოსვლას, რადგან გასული კვირის ბოლოს გადატანილი ინსულტის შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობს.

“იმედი გვაქვს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება და მალე შეძლებს პოლიციას გამოძიებაში დაეხმაროს, რათა ყველამ მალე დავტოვოთ წარსულში ეს სამწუხარო ინციდენტი.“ – წერია განცხადებაში.

ამ ინციდენტმა სამხრეთ კორეაში მწვავე რეაქცია და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია იმ ინფორმაციის ფონზე, რომ ელჩის ცოლმა შეიძლება დიპლომატიური იმუნიტეტის მოშველიებით გამოძიებას და სასამართლოს თავი აარიდოს.