ბელორუსის საავადმყოფოები გადატვირთულია ავადმყოფი და დაჭრილი რუსი ჯარისკაცებით–უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ წარუმატებლად სცადა უკრაინის პოზიციებზე თავდასხმა ლუგანსკის და დონეცკის რაიონებში.

ხერსონის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ გაძლიერებას დეოკუპირებულ დასახლებებში. პარალელურად, რუსული არმია აშენებს თავდაცვით პოზიციებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

გასული 24 საათის განმავლობაში მარცხენა სანაპიროდან  ოთხი სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განხორციელდა, 40-ზე მეტი შეტევა განხორციელდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

ზაპოროჟიეს, ჩერკასის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქების 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში ასევე განხორციელდა საჰაერო და სარაკეტო დარტყმები რუსების მხრიდან – იუწყება უკრაინის გენერალური შტაბი დილის ანგარიშში.

უკრაინელები განაგრძობენ დაკვირვებას ბელორუსის ტერიტორიაზე რუსულ-ბელორუსული ჯარების ჯგუფის ფორმირებაზე.

დაზვერვის თანახმად, ბრესტის რეგიონში, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც რუსეთის არმიის ქვედანაყოფები არიან განლაგებული, მნიშვნელოვნად იზრდება ტვირთი სოციალურ სფეროზე.

კერძოდ, კარვების ბანაკებში არსებული ცუდი პირობების გამო ადგილობრივი საავადმყოფოები გადატვირთულია როგორც დაჭრილი, ისე ავადმყოფი რუსი სამხედროებით. შედეგად, ექიმები იძულებულნი არიან უარი თქვან ბელორუსის მოქალაქეებზე მომსახურებაზე, რომლებსაც მკურნალობა ესაჭიროებათ.