ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი, ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია ფეისბუქზე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ბიზნესპროექტი გაკოტრდა და ის აღარ აპირებს ქართული ოცნების მხარდაჭერას:

“მე არ ვიქნები გაკოტრებული პოლიტბიზნესის რიგითი მენეჯერებისათვის მიგდებული ბონუსი!
მიხვდით რას ვამბობ?

ოკ! ავხსნი.

ხშირად ამბობდნენ და თქვენც გსმენიათ, ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც წარმატებული ბიზნესმენი, სახელმწიფოს და პარტიას განსხვავებულად, არასტანდატულად, ბიზნესის წესებით მართავდა.

იყო ამ მოსაზრებაში გარკვეული სიმართლე, მაგრამ მე მომწონდა… შესაძლოა, ჩემი მხრიდან მაღალი ნდობის და პატივისცემის გამო. კითხვაზე, (რომელსაც ხშირად მისვამდნენ ჟურნალისტები) -თქვენ ხართ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი?- ყოველთვის ვპასუხობდი: -დიახ, მე ივანიშვილის მხარდამჭერი ვარ! …და ეს ასეც იყო! ალალად და უანგაროდ!
ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება თავისი პირმშოს- პარტიის მიმართ იყო “ვაბანკური”, რისკით და აზარტით სავსე. კოლოსალური ინვესტიცია, გაუთავებელი რეინვესტიციები, მენეჯმენტის პერმანენტული ცვლა, პოლიტტექნოლოგიების და პოლიტბიზნესპროექტების დანერგვა- აპრობირება წლები გრძელდებოდა… მაგრამ დივიდენდს ვერ იძლეოდა დამფუძნებლისთვის, ხოლო მომხმარებლისთვის ანუ ქართველი ხალხისთვის პროდუქტს.
ალბათ, ამის გამო, აქციების ძირითადმა მფლობელმა კაპიტალი მენეჯმენტს გადაუფორმა და წავიდა… ნუუ… ან წავიდა, ან გაუშვეს “პარტნიორებმა. ამას, ახლა, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს….

და როგორც ხდება ხოლმე, დაიწყო უდღეურთა შორის კბენაი, ღერენაი და ჩვეული ტაკებაი…
ბიზნესკორპორაცია- ქართული ოცნება გაკოტრდა!

ჰო, აი, ახლა, მივედი იქ, საიდანაც დავიწყე.

ვიღაცეებმა ჩათვალეს, რომ ბიძინასგან ბონუსი ანუ დამატებითი გასამრჯელო, პრემია ეკუთვნოდათ!(?)

მე, დიდად, ბიზნესში ვერ ვერკვევი და ამიტომ, ბატონ ბიძინას მინდა ვკითხო:

-ბატონო ბიძინა, თქვენც ასე ფიქრობთ, რომ ის ადამიანები, ვინც თქვენ გიჭერდით მხარს, გენდობოდით და როგორც შეგვეძლო ისე ვიხარჯებოდით საერთო საქმისთვის, თქვენი წასვლის შემდეგ ბონუსად გადავეცემით უავტორიტეტო, უნიათო, საქმის არმცოდნე და “ფირმის” დამაქცევარ-გამყიდველებს?

თუ ასე ფიქრობთ, მაშინ მაგრად შემცდარხართ! რადგან მე არ ვიქნები გაკოტრებული პოლიტბიზნესის რიგითი მენეჯერებისათვის მიგდებული ბონუსი!

და თუ ასე არ ფიქრობთ, ჩაატარეთ აქციონერთა კრება, გამოაცხადეთ ლიკვიდაცია, აუწიეთ ყური, ამოარტყით პანჩური…ერთი-ორი შემოულაწინეთ ოხროხინესავით!.. მოკლედ, რაღაცა ქენით!
ასე აღარ შეიძლება! ასე ხომ გასვრიან ყველას ერთი ტალახიანი ღორივით! გასვრიან ყველა იმ ადამიანს, ვისაც თქვენთვის არასოდეს უღალატია, ამათთან ვალში არასოდეს ყოფილან და ესენი რის ან ვის ღალატს აბრალებენ ძნელი გასარკვევია…“– წერს ხათუნა ხოფერია.