ბინისა და სარდაფის გაერთიანებაზე მოთხოვნა, საჯარო რეესტრმა კორპუსის ჩამონგრევიდან 6 საათში დაახარვეზა

ბათუმში მომხდარი ტრაგედია – 26 მაისის ქუჩაზე, 20 ნომერში, ბინისა და სარდაფის გაერთიანებაზე მოთხოვნა, საჯარო რეესტრმა კორპუსის ჩამონგრევიდან 6 საათში დაახარვეზა. ბინის მესაკუთრე აზერბაიჯანის მოქალაქე, ზაურ ბუდაგოვია, რომელიც კორპუსში სამშენებლო სამუშაოებს ოფიციალური პასუხის მიღებამდე აწარმოებდა.

ზაურ ბუდაგოვმა მიმართა საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის 4 ოქტომბერს, თუმცა რეესტრმა საბუთები დოკუმენტაციის არარსებობის გამო, მხოლოდ 8 ოქტომბერს, კორპუსის ჩამონგრევიდან რამდენიმე საათში დაახარვეზა.

ზაურ ბუდაგოვი პოლიციამ დღეს, დილით დააკავა. მასთან ერთად ასევე დააკავეს, 2 მუშა, რომელიც ბუდაგოვმა დაიქირავა და საცხოვრებელ ბინაში სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ. გამოძიება მათ სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისა და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას ედავება, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.

გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. თუ გამოვლინება, მიეცემიან პასუხისმგებაში, თუ არასწორი ნებართვა გაიცა ან არასწორად აწარმოებს რაიმე საბუთები,“ – განაცხადა ბათუმში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე კომენტარი გააკეთა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ოლეგ თორთლაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ საჯარო რეესტრი არ გასცემს მშენებლობის ნებართვებს.

”განაცხადი შემოსული იყო საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს და კანონმდებლოით გათვალისწინებული 4 სამუშაო დღის ვადაში დახარვეზდა განაცხადი.განმცხადებელი ითხოვდა სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის ერთიან ფართობზე საკუთრების რეგისტრაციას. აღნიშნული წარმოება აბსოლუტურად არანაირ კავშირშია სამშენებლო სამუშაოებთან, საჯარო რეესტრი არ არის ორგანო, რომელიც გასცემს მშენებლობის ნებართვას, ასევე, წარმოდგენილ განაცხადში არ ყოფილა სამშენებლო ნებართვა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული.  პირველ ეტაპზე დახარვეზდა საკადასტრო ნახაზის არარსებობა, რომელიც გახდა საფუძველი წარმოების შეჩერების.”- განაცხადა ოლეგ თორთლაძემ.

17:00 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 10 ადამიანი, მაშველებმა ორი მოქალაქის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს და ისინი საავადმყოფოში გადაიყავნეს, თუმცა ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის.

ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.

შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა. ასევე აღარ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიება “თბილისობა” ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაერიცხება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.