ბლინკენის და ლავროვის პირველი შეხვედრა რეიკიავიკში

ისლანდიაში, რეიკიავიკში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრა არქტიკული საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას, ოთხშაბათს საღამოს შედგა.  ეს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების პირველი შეხვედრაა.

რეიკიავიკში ორმხრივი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გაღრმავების ფონზე შედგა. შეხვედრამდე გამართულ ბრიფინგზე მათ თქვეს, რომ საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობისთვის მზად არიან.

ბლინკენის განცხადებით, ასეთი ბევრი სფეროა და ერთობლივი შეთანხმების და ურთიერთთანამშრომლობის შემთხვევაში, მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება. მაგრამ, თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს შეერთებული შტატების, მისი პარტნიორების და მოკავშირეების წინააღმდეგ, “ჩვენ მას პასუხს გავცემთ” – აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი.

სერგეი ლავროვიც აცხადებს, რომ “სერიოზული აზრთა სხვადასხვაობის” მიუხედავად, რუსეთი მზად არის იმ საკითხებზე სასაუბროდ, სადაც “ინტერესები იკვეთება”.

დიპლომატთა უმაღლეს დონეზე მოლაპარაკება ისლანდიის დედაქალაქში საათი და 45 წუთი გაგრძელდა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მოელოდნენ.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ მოლაპარაკება “კონსტრუქციული” იყო და რომ მხარეებმა პრეზიდენტების დონეზე უმაღლესი დონის შეხვედრის მომზადებაზე მოილაპარაკეს. თუმცა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზში სამიტზე არაფერია ნათქვამი.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის ცნობით, საუბარი შეეხო ამერიკის მოქალაქეების პოლ უელანის და ტრევორ რიდის გათავისუფლების საკითხს. ისინი რუსეთის ციხეში იმყოფებიან. შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოხატა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზების გამო, რუსეთში ოპოზიციური ორგანიზაციების დევნისთვის და კრემლის კრიტიკოსის, პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზის მიხედვით, ენტონი ბლინკენმა ასევე წამოჭრა “ამერიკის ხმის” და “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების” წინააღმდეგ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობის გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტის გზებზე.

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობის აუცილობლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საუბარი შეეხო ავღანეთის სტაბილურობის, თუ ირანის ბირთვული პროგრამების შეზღუდვის საკითხებსაც.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები დიალოგის მომავალში გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.