ბოკერიამ რომ თქვას, ჟირინოვსკი ჩვენი ლიდერიაო, 2000 ლარია შემაკავებელი ფაქტორი? – მდინარაძე

მამუკა მდინარაძემ იმ კანონპროექტზე საუბრობს, რომლის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მდინარაძე განმარტავს, რომ დღეს მოქმედ კანონმდებლობაში არის ხარვეზი, რადგან 2000 -ლარიანი ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს იმის პრევენციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერიოს.

“ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ნორმას, საარჩევნო ცენზს აღიარებს მთელი მსოფლიო, მაგრამ სანქციები არის სხვადასხვაგვარი, ჩვენს შემთხვევაში არის 2000 ლარი, რაც არ არის საკმარისი და დღეს მკაცრდება სანქცია ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით და სანქცია იქნება იმგვარი, რომელიც ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ გახდეს საქართველოში პოლიტკური ლიდერი. ჟირინოვსკი რომ ჩამოვიდეს და თქვას, “ევროპული საქართველოს” ლიდერი ვარო და გიგა ბოკერიამაც თქვას, ის ჩვენი ლიდერი და პრემიერ- მინისტრობის კანდიდატიაო, 2000 ლარი არის ამ ყველაფრის შემაკავებელი ფაქტორი? “-განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად რელევანტურია სააკაშვილისა და ჟირინოვსკის შედარება, მდინარაძე პასუხობს, რომ “საქმის კეთების შედეგების მიხედვით, თუ რას აკეთებდა ჟირინოვსკი რუსეთისთვის და სააკაშვილი, რაღაც მომენტში სააკაშვილს შეიძლება მეტი ჰქონდეს გაკეთებული”.

ცნობისთვის, ქართული ოცნება აპირებს კანონის მიღებას, რომლის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნება, თუ კამპანიაში მიხეილ სააკაშვილი ჩაერთვება.