ბოკერია აცხადებს, რომ კოპენჰაგენის სამიტზე საქართველოს მთავრობა დღის წესრიგშიც არ არის

პარტია ”ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია, რომელიც 2022 წლის დემოკრატიის სამიტს დაესწრო, აცხადებს რომ სამიტზე “ქართული ოცნება”  არათუ არ არის, არამედ საერთოდ  არ არსებობს დღის წესრიგში.

”მთავარი ფოკუსი, რა თქმა უნდა, არის ბოროტების იმპერიის პუტინის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდაჭერა, მაგრამ უფრო ფართო კონტექსტში ეს არის მსჯელობა იმაზე, როგორ უნდა დაიცვას თავისუფალმა სამყარომ თავი ამ ყველაფრის შემდეგ პუტინის დამარცხებასთან ერთად და როგორ უნდა იყოს ახალი არქიტექტურა უსაფრთხოების. აქ, ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების მთავარი გამოწვევა კი არა, გამოწვევასა და პრობლემაზე უარესი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან ქართული საზოგადოების წარმომადგენლები არიან, აქ არათუ არ არის საქართველოს მთავრობა, ჩვენი მთავრობა არ არსებობს დღის წესრიგში, როგორც აქტიური მოთამაშე, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო ამ ახალი არქიტექტურის პირობებში იყოს დაცული, თავისუფალი ქვეყანა. იმიტომ რომ, ჩვენს დღევანდელ რეჟიმს აქვს ამოცანა მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების და პუტინიზმის გაძლიერების ხარჯზე.” – აცხადებს ბოკერია.