ენმ-ს აქტივისტი შსს-ს ჩაბარდა – მისი დაკავება თანასოფლელების წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ბოლნისში, არიფ იუსუბოვი, რომლის დაკავებაც ადგილობრივების წინააღმდეგების გამო ვერ შეძლეს, პოლიციას ჩაბარდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მიიღეს სასამართლოს განაჩენი, რომლითაც სოფელ ნახუდურში მცხოვრებ იუსუბოვს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

„მას შემდეგ, რაც მოვიდა ადვოკატი და პოლიციამ მოიტანა სასამართლოს განაჩენი, არიფ იუსუბოვი თვითონ მივიდა ბოლნისის პოლიციის სამმართველოში და ჩაბარდა. ერთ ადამიანს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. მოწმის ჩვენებით მან ესროლა მეორე ადამიანს სკამი. ეს იმ მომენტში, როდესაც თვითონ სცემეს იუსუფოვი და ჩვენებები არსებობს თუ როგორ ურტყა სახეში მას ფეხი გოგი მეშველიანის ძმამ. რადგან სასამართლოს განაჩენია, არიფმა მიიღო გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს კანონმორჩილმა მოქალაქემ, რომ ჩაბრდეს და წარსდგეს სასამართლოს წინაშე. ახლა არის ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში და გადაიყვანენ რუსთავის დროებით იზოლატორში. 48 საათში უკვე უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი“, – განაცხადა შაშკინმა.

მისი განმარტებით, საქმე ეხება აქტივისტს, რომელიც გასულ კვირას სოფელ ნახიდურში „ჩაიხანაში“„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის აქტივისტებმა სცემეს.

შაშკინის ინფორმაციით, იუსუბოვის სახლში ნასვამი პოლიციელები დაახლოებით საღამოს 17:00 საათზე მივიდნენ, მათ არ წარუდგენიათ სამსახურის დამადასტურებელი დოკუმენტები. შაშკინი ამბობს, რომ პოლიციელებმა იუსუბოვის ოჯახის წევრებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მეზობლების უკმაყოფილება მოჰყვა.

“სცემეს ოჯახის წევრები, ქალბატონები, დაუხიეს ტანსაცმელი. ბუნებრივია, ჩხუბზე გამოვიდა გარეთ სოფლის მოსახლეობა და ესენი გაიქცნენ. ადვოკატი რომ ჩამოვიდა, მივიდა ბოლნისის პოლიციაში და გაირკვა, რომ არსებობს მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ. რადგან ეს განჩინება არსებობს, არიფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაბარდეს და წარდგეს სასამართლოს წინაშე, რადგან სხვანაირად თავის სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა”,– აცხადებს შაშკინი.