ბოლქვაძე მაყაშვილზე: 10 წლის შემდეგ იძახის, რომ ძალადობა მოხდა,10 წელი სად იყო?

“10 წელი სად იყო?”- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს, რომელშიც მან ყოფილი მეუღლე ბესო ზანგური ძალადობაში დაადანაშაულა.

ბოლქვაძის თქმით, რობერტ სტურუას პოზიცია არ არის ძალადობის წახალისება.

“თქვენ ისეთ პროვოკაციულ შეკითხვას მისვამთ, რომ ნამდვილად… რობერტ სტურუა არის თქვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საქართველოს ძალიან დიდი სიამაყე. ეს ადამიანი არის უდიდესი ხელოვანი, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. ძალადობა… მე გეუბნებით, რაც არის, როგორც მოცემულობა. იმ ადამიანმა მხარი დაუჭირა შეიძლება, იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნებიან იყო ძალადობაში ჩათრეული, მაგრამ ის ამბობს, რომ ჯერ გაარკვიეთ და მერე, ამხელა აგრესია რომ წამოვიდა, ამას უნდა კარგად გაანალიზება, იმიტომ, რომ მსოფლიოს ახსოვს ასეთი მაგალითები, როცა 20 წლის შემდეგ, 30 წლის შემდეგ, ვიღაც აყვირდება, რომ რაღაც მოხდა. ამას გარკვევა სჭირდება.

აი, პოლანსკის მაგალითი, აბა? ძაან ბევრი რაღაც ყოფილა. ის [რობიკო სტურუა] არ თვლის, რომ სავარაუდო მოძალადეა [ბესო ზანგური] და იმიტომაც უჭერს თავის მსახიობს მხარს. არიან ადამიანები, რომლებსაც ამის არ სჯერათ და ა.შ. ეს თემა ისეთი თემაა, რომ ეს არავინ არ იცის. ეს არის ზეპირსიტყვიერება, რომ აი, ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის, რომ ძალადობა მოხდა. მაშინ 10 წელი სად იყო? ეს ერთი და მეორეც ერთი, ეს გასარკვევია. ამისთვის უნდა იყოს გამოძიება და ა.შ. და ადამიანურად ძალადობას მე ვერ დავუჭერ მხარს, რა თქმა უნდა”,- ამბობს ბოლქვაძე.