“ბრავო, ბუშტის მცველებო!” – აჭარის მთავრობის სახლთან აქციის 2 მონაწილე დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც მთავრობის სხდომის პარლალეურად მოქალაქეები აქციას მართავენ, 2 ადამიანი დააკავეს.

მათ დაკავებას აქციის მონაწილეები ტაშით და შემდეგ შეძახილებით გამოეხმაურნენ: “ბრავო, ბუშტის მცველებო”, “ყველას ხომ ვერ დაგვაკავებთ”.

დემონსტრანტებმა მთავრობის სახლთან დღესაც, გუშინდელის მსგავსად, მიიტანეს ჰელიუმის ბუშტები წარწერით: “თორნიკე, გამოდი ხალხთან”, “თორნიკე მონა”.

ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ

საპროტესტო აქციები აჭარაში რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნებიია: ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა.

დემონსტრანტებისვე თქმით, აპროტესტებენ დაწესებულ შეზღუდვებსაც და მთავრობის სახლთან გახსნიან კაფეს, შეზღუდვების დაუმორჩილებლობის ნიშნად.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან კაფე-ბარების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია.