ბრალდების მოწებება უნდათ ჩემთვის, არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ – დეკანოიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, უწყებებს ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მისთვის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის “ბრალდების მიწებება” უნდათ.

ენმ ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე ისიც დააკავონ.

“შეიძლება, ემზადება იმისთვის, რომ ახალი რეპრესიების ტალღა დაიწყოს, მე არაფერს არ გამოვრიცხავ. სისულელეა და ეს არის ნაცვლიშვილის მორიგი ჩვეულებრივი იდეოლოგიური პროპაგანდა. საზიზღარი ბრალდებით დააკავეს, უახლოესი მეგობრის გარდაცვალება დააბრალეს ამ ორ ადამიანს, ახლა აღმოჩნდა, რომ მოწებება უნდათ ამ პროპაგანდის და ამორალური ბრალდების ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის, ამიტომ მე არაფერს გამოვრიცხავ.

დღეს ისეთი სიტუაცია გვაქვს და ისეთ მიტაცებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი. არ გამოვრიცხავ [რომ დამაკავონ]”. – ამბობს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ დღეს ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ისნის N5 საოლქო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ და მას, ნაციონალური მოძრაობის სახელით, მედიასთან საჯარო განცხადების გაკეთების სანაცვლოდ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, ქრთამის სახით, 50 000 დოლარი შესთავაზეს.

უწყება ამტკიცებს, რომ ქრთამის აღების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს, განცხადების გაკეთების შემდეგ, თანამდებობა დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა.