ბრიტანეთის დედოფალი, პრეზიდენტი ტრამპი, ბიონსე და სხვა ვარსკვლავები… უცნაური რიგი მადამ ტიუსოს მუზეუმთან(ფოტოები)

ლონდონის ცენტრში მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების ცნობილი მუზეუმის გახსნის წინ  შესასვლელთან უჩვეულო რიგი გამოჩნდა. რიგში პირველი დედოფალი ელისაბედ მეორე იდგა, მის უკან პრემიერი ბორის ჯონსონი, ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, აშშ–ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მომღერალი ბიონსე, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები და სხვა ცნობილი ადამიანები.

ამ ადამიანების ერთად ნახვა რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ მადამ ტიუსოს მუზეუმში ყველაფერი შესაძლებელია: მუზეუმის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ცნობილი ადამიანების ფიგურები ქუჩაში გამოეტანათ და ამგვარად გაეკეთებინათ რეკლამა კარანტინის შემდგომ მუზეუმის გახსნისთვის, ამავე დროს იმ წესების დემონსტრირება მოეხდინათ, რომლითაც მუზეუმი ამჟამად მუშაობს.

მადამ ტიუსოს მუზეუმი კორონავირუსის გამო მარტის ბოლოს დაიხურა, ისევე როგორც ბრიტანეთის ყველა მუზეუმი. ის დამთვალიერებლებისთვის შაბათს იხსნება.

მუზეუმის დაარსების თარიღად 1835 წელი ითვლება, როცა სკულპტორმა მარია ტიუსომ ლონდონში, ბეიკერ სთრითზე პირველი გამოფენა გახსნა.

მადამ ტიუსოს მუზეუმი ლონდონის ერთ–ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა და მთელი მსოფლიოდან უამრავ ტურისტს იზიდავს.