ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მოულოდნელად კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი მოულოდნელად კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს და თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ვიზიტი წინასწარ არ დაანონსებულა.

“იარაღი, ფინანსები, სანქციები– სამი საკითი, რომლებშიც ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერობს. ვაფასებთ ნამდვილ თანამშრომლობას, როცა სიტყვები და დაპირებები მაშინვე აუცილებლად გაგადის ქმედებაში. მადლობელი ვარ თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის და მისი გუნდის ამ ვიზიტისთვის, ასევე დიდი ბრიტანეთის, მისი მთავრობის და პრემიერ მინისტრის დახმარებისთვის“– დაწერა სოციალურ ქსელებში უკრაინის ლიდერმა და ვიდეო დადო.

რა განიხილეს კონკრეტულად უოლესმა და ზელენსკიმ, ჯერჯერობით უცნობია. მანამდე თვითაღიარებულ დონეცკის რესპუბლიკაში სიკვდილი მიუსაჯეს ბრიტანეთის ორ მოქალაქეს და ერთ მაროკოელს, რომლებიც უკრაინის არმიის მხარეს იბრძოდნენ.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ აპირებს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებას მათ გათავისუფლებაზე და აპირებს მათი ბედი უკრაინასთან განიხილოს.