ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა აღიარა, რომ სხდომაზე პორნოს უყურა და თანამდებობიდან გადადგა

ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიიდან, ნეილ პარიში თანამდებობიდან გადადგება მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ თემთა პალატის შენობაში ორჯერ უყურა პორნოგრაფიას.

პარიშმა ბიბისი–ს უთხრა, რომ პირველად პორნოვიდეო შემთხვევით ნახა, როცა ინტერნეტში სოფლისმეურნეობის სატრანსპორტო საშუალებებს ეძებდა. მეორე ჯერზე კი განზრახ მოძებნა პორნოვიდეო. როგორც 65 წლის დეპუტატი ამბობს, ეს იყო “სიგიჟის მომენტი“.

აჟიოტაჟი ნეილ პარიშთან დაკავშირებით მედიაში მას შემდეგ ატყდა, რაც მედიამ შენიშნა, რომ კენჭისყრის დროს დეპუტატი ტელეფონში პორნოს უყურებდა. მას ამის გამო თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა დეპუტატი აცხადებდა, რომ თანამდებობიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდოდა, თუ მისი დანაშაული დადასტურდებოდა მისი ქმედებების გამოძიების შედეგად.

მოგვიანებით კი მან აღიარა, რომ პირველად ვიდეოს შემთხვევით, ტრაქტორის ძებნისას წააწყდა, რადგან პორნოსაიტს მსგავსი სახელწოდება ჰქონდა და ვიდეოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უყურა კიდევაც, რაც არ უნდა გაეკეთებინა.

“ჩემი ყველაზე დიდი დანაშაულია, რომ მეორედაც შევედი იგივე საიტზე.“ ამბობს პერიში და აღიარებს, რომ მეორედ ეს უკვე განზრახ გააკეთა, როცა თემთა პალატაში იჯდა და კენჭისყრის დაწყებას ელოდებოდა.

ის ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ როცა ტელეფონში პორნოს ყურებისას აზრადაც არ ქონია, რომ კიდევ ვინმე სხვა დაინახავდა იმას, რასაც თვითონ უყურებდა.