ბრიტანეთის ხელისუფლება პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებს ხელფასის 80%–ს გადაუხდის

ბრიტანეთის ხელისუფლება ხელფასის 80%(2500 ფუნტამდე) გადაუხდის კერძო კომპანიების თანამშრომლებს, რომლებსაც ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად მუშაობის შესაძლებლობა აღარ აქვთ. პარასკევს ამის შესახებ ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

მან პირობა დადო, რომ სახელმწიფო დაეხმარება ყველას, ვისაც სამსახურის დაკარგვა ემუქრება. მინისტრის თქმით, პირველად ისტორიაში ხელისუფლება ბიზნესის ნაცვლად გადაუხდის ხელფასს ადამიანებს.

ეს ზომა მთავრობის აზრით კომპანიებს საშუალებას მისცემს არ გაათავისუფლონ თანამშრომლები, თუნდაც მათ პანდემიის გამო მუშაობა ვერ შეძლონ. რაში სუნაკმა მოუწოდა კერძო კომპანიებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ თანამშრომლებს, რომლებიც მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

“მესმის, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა. მთავრობა ყველაფერს აკეთებ თქვენს მხარდასაჭერად. და გთხოვთ, თქვენც ყველაფერი გააკეთოთ, რათა მხარი დაუჭიროთ თქვენს თანამშრომლებს“ – მიმართა მინისტრმა ბიზნესმენებს.

ბრიტანულ კომპანიებს შეუძლიათ ივნისის ბოლომდე დამატებითი ღირებულების გადასახადი არ გადაიხადონ. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ ერთწლიანი უპროცენტო კრედიტი აიღონ. მინისტრმა პირობა დადო, რომ შემდეგ კვირას განაცხადებს შემდგომი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს უპროცენტო კრედიტებთან წვდომას მისცემს.

მთავრობამ ასევე განაცხადა თვითდასაქმებულთათვის შემწეობის გამოყოფის შესახებ.

ადამიანებისა და ბიზნესისთვის ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო ეკონომიკური დახმარების შესახებ მთავრობის ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დაარწმუნა კომპანიები, რომ მათ ბედის ანაბარა არ მიატოვებენ. “ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის, რაც კი მთავრობას ხელეწიფება“– თქვა პრემიერმა.

ხელისუფლების ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი დაახლოებით 30 მილიარდ ფუნტად არის შეფასებული.

პრემიერმა ჯონსონმა ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა კაფე, პაბი, ბარი და რესტორანი შაბათიდან მუშაობას შეწყვეტს. მათ შეუძლიათ სახლში მიტანის სერვისზე გადავიდნენ.

“გვესმის, რომ ჩვენი ზომები ექსტრაორდინარულია: გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს უძველეს, შეუვალ ადამიანის უფლებას ვართმევთ – წავიდეს პაბში. მესმის რას გრძნობენ ადამიანები ამასთან დაკავშირებით“– თქვა ჯონსონმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით იკეტება ღამის კლუბები, კინოთეატრები და სპორტდარბაზები. პრემიერმა ქვეყნის მოქალაქეების მოუწოდა ასეთ დაწესებულებებში სიარულისგან თავი შეიკავო. ეს ზომები თვეში ერთხელ გადაიხედება.

ჯონსონმა მორიგ ჯერზე მოუწოდა მოქალაქეებს ხელები ხშირად იბანონ და ისინი ერთად ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენენ, თუ სწორად იმოქმედებენ.

მანამდე პრემიერმა ჯონსონმა განაცხადა, რომ ივნისის ბოლოსთვის ბრიტანეთში კორონავირუსის ეპიდემია დასუსტებისკენ წავა, თუ ხალხი ხელისუფლების რჩევებს დაემორჩილება.