ბრიტანეთი კორონავიურსის წინააღმდეგ Pfizer–ის ვაქცინით მასობრივ ვაქცინაციას მომავალი კვირიდან იწყებს

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covid19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech–ის მიერ შექმნილი ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის დაუშვა. ვაქცინაცია უკვე მომავალ კვირას იწყება. პირველ რიგში ხანდაზმული ადამიანები და ხანდაზმულთა სახლების ბინადრები აიცრებიან.

ბრიტანეთის მიერ შეკვეთილი პირველი პარტია 40 მილიონი დოზისგან შედგება, რაც 20 მილიონი ადამიანისთვის არის საკმარისი.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მარეგულირებელი ორგანოს მიხედვით Pfizer/BioNTech–ის ვაქცინამ 95%–იანი ეფექტურობა აჩვენა.

ეს არის ვაქცინა–რეკორდსმენი, რომელმაც ჩანაფიქრიდან ფართო მოხმარბამდე გზა სულ  10 თვეში გაიარა. დღემდე ამ პროცესს ნებისმიერი პრეპარატისთვის საშუალოდ 10 წელი ჭირდებოდა.

“დახმარება უკვე გზაშია“ – დაწერა დღეს დილით ტვიტერზე ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა.

“სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში გაზაფხულზე, სააღდგომოდ და ა.შ. ცხოვრება ძველ კალაპოტში დაბრუნებას დაიწყებს და ზაფხულს ყველა ისე გავატარებთ, როგორც გვესიამოვნება“ – თქვა მან ბიბისი–სთან ინტერვიუში.

დიდი ბრიტანეთის დაზღვევის ნაციონალური სისტემის ხელმძღვანელის, სერ საიმონ სტივენსის თქმით მისი კოლეგები ქვეყნის ისტორიაში ვაქცინაციის ყველაზე მაშტაბური კამპანიისთვის ემზადებიან.

დაახლოებით 50 საავადმყოფო მთელი ქვეყნის მაშტაბით სრულად არის მომზადებული ამ შრომატევადი პროცესისთვის. უკვე სრულდება კონფერენც დარბაზების და ბიზნეს ცენტრების ვაქცინაციის პუნქტებად გადაკეთება.

ამასთან, ექიმები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს, რომ არსებული საკარანტინო ზომების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რადგან უახლოეს მომავალში ქუჩებში და საზოგადოებრივ ადგილებში ასობით ათასი ხანდაზმული ადამიანი გამოჩნდება. ვაქცინის გამოჩენამ კი მოსახლეობას ილუზია არ უნდა შეუქმნას, რომ საფრთხე სრულად განეიტრალდა – ამბობენ ექსპერტები.

ქვეყანაში კვლავ ძალაში რჩება სოციალური დისტანციის წესები, ნიღბის სავალდებულო ტარება საზოგადოებრივ ადგილებში და დაავადების სიმპტომების გამოვლენისას სავალდებულო თვითიზოლაცია.

Pfizer/BioNTech–ის ვაქცინა ორი ამავე დასახელების ფარმაცევტული გიგანტის ერთობლივი ნამუშევარია. ის ვაქცინების ახალ ტიპს– რნმ–ს  მეთოდით შექმნილ ვაქცინებს მიეკუთვნება და ვირუსის გენეტიკური კოდის ფრაგმენტს შეიცავს, რომელიც მსოფლიო პანდემიის მიზეზი გახდა.

კვლევის პროცესში მან 95%–იანი ეფექტურობა აჩვენა.

ვაქცინაციისთვის პრეპარატის ორი დოზის გაკეთებაა აუცილებელი სამი კვირის ინტერვალით. კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი მეორე დოზის მიღებიდან მეშვიდე დღეს წარმოიქმნება. იშვიათ შემთხვევებში, თუ ადამიანს ძლიერი იმუნიტეტი აქვს, პირველი დოზის მიღებიდან მეთორმეტე დღეს.

ვაქცინის მასობრივი წარმოება ბელგიაში მოხდება. მისი შენახვისა და გადაზიდვისთვის აუცილებელია -70 გრადუსიანი ტემპერატურა. ტრანსპორტირებისას სპეციალურ ყუთებს გამოიყენებენ მშრალი ყინულის ბრიკეტებით. ამპულის ამოღების შემდეგ მისი შენახვა საყინულე მაცივარში  მაქსიმუმ 5 დღე შეიძლება.