ბრიტანეთი რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული ხორბლის ამოსაცნობად და ბაზარზე დასაბლოკად სპეციალურ ტექნოლოგიას ქმნის

სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა ბრიტანეთის მეთაურობით დაიწყო ტექნოლოგიის შემუშავება, რომლის დახმარებით შესაძლებელი იქნება რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული ხორბლის ამოცნობა და მსოფლიო ბაზრებზე მისი გატანის ხელშეშლა.

ამის  შესახებ ორშაბათს დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, ჯორჯ იუსტრისმა განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მსოფლიო ლიდერია სოფლის მეურნეობის კულტურების წარმოშობის შემოწმების სფეროში დნმ ტესტირების საშუალებით.

ახალი ტექნოლოგიის შემოღება გულიხმობს იმას, რომ რუსეთიდან გასული ყველა ხორბალი ანალიზს დაექვემდებარება იმ რეგიონის ზუსტად დასადგენად, სადაც ის მოიყვანეს.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, პირველ ეტაპზე ინიციატივისთვის 1.5 მილიონი ფუნტი სტერლინგია გამოყოფილი.

უკრაინა მსოფლიოში სურსათის ერთ–ერთი მსხვილი ექსპორტიორია. თუმცა, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინული პორტები, სადაც უკვე მილიონობით ტონა სხვადასხვა საქონელი –ძირითადად კი ხორბალი ინახებოდა, დაიბლოკა. სურსათზე ფასების ზრდა, ასევე მისი უკმარისობა უკვე ბევრ ქვეყანაში შეინიშნება.

დასავლურმა მედიამ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა რუსი სამხედროების მიერ უკრაინული ხორბლის მოპარვის დამადასტურებელი მტკიცებულებები. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა უკრაინული ხორბლის “ნაციონალიზაციაზე“ საუბარია რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანიშნული ადგილობრივი საოკუპაციო მმართველების ბრძანებებში.

ასევე დადგენილია, რომ მოპარული ხორბლის ნაწილი რამდენიმე ქვეყანამ შეიძინა, მათ შორის არის თურქეთი.

თუმცა, გასულ კვირას ანკარამ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება იმპორტირებული საქონლის წყაროს დასადგენად, თუმცა ჯერჯერობით იმის მტკიცებულებები, რომ შესყიდული ხორბალი მოპარულია, ვერ აღმოაჩინა.

დასავლეთის ქვეყნები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ რუსეთის მიერ იმ საქონლიდან მოგების მიღებას, რომელიც მას არ ეკუთვნის.

“ბრიტანეთის მთავრობამ შეუკვეთა ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებით შევამოწმებთ ხორბლის წარმომავლობას. ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ავსტრალიასთან. ჩვენი მზარია იმის გარანტირება, რომ უკრიანიდან მოპარული ხორბალი ბაზარზე ვერ მოხვდება“–თქვა ბრიტანელმა მინისტრმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ბრიტანეთი ეძებს გზებს უკრაინას დანგრეული სარკინიგზო ხაზების აღდგენაში დაეხმაროს, რათა უკრაინული ხორბლის ექსპორტი სახმელეთო გზით მოხდეს.