გადაიფიქრეთ ღარიბაშვილის მოწვევა, ის ავრცელებდა ჰომოფობიურ სიძულვილს – თაბაგარი ჰარვარდს მიმართავს

“გადაიფიქრეთ მოწვევა ღარიბაშვილი ავრცელებდა ჰომოფობიურ სიძულვილს”- Tbilisi Pride-ს  ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი Twitter-ზე ჰარვარდის მიერ ქართველოლოგიის პროგრამის გახსნისთვის ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევას ეხმაურება და უნივერსიტეტს პრემიერის არ მიწვევისკენ მოუწოდებს.

“პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ავრცელებდა ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ სიძულვილს, შეეკრა რადიკალურ ძალებს და საქართველოში ლგბტ პირებისთვის გაუსაძლისი გარემო შექმნა. გთხოვთ, გადაიფიქრეთ მოწვევა.

ღონისძიების მასშტაბების მიუხედავად, სამარცხვინოა, რომ პლატფორმა ეძლევა ლიდერს, რომელსაც ძალიან რეგრესული პოზიცია უჭირავს ადამიანის ძირითად უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე”, – დაწერა გიორგი თაბაგარმა Twitter-ზე.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამაზე ლექციას წაიკითხავს. განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2022 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს და სწორედ იქ თებერვალში ღარიბაშვილი პირველ ლექციას წაიკითხავს.