გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუცია მიიღო

რამდენიმე წუთის წინ, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. აღსანიშნავია რომ წელს თანშპონსორების რაოდენობის გარდა გაზრდილია რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობაც, რამაც 85 სახელწმიფო შეადგინა.

გასული წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. აღნიშნული ფაქტი, ცხადყოფს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქართული დიპლომატიის თავდაუზოგავი ძალისხმევით, ასევე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, საქართველომ გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესიაზეც შეძლო რეზოლუციის გატანა.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ.