გავათავისუფლოთ სტაციონარები “წამოწოლილი” პაციენტებისგან! – მაია ბუწაშვილი

“გავათავისუფლოთ სტაციონარები “წამოწოლილი” პაციენტებისგან! “- ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უნდა შეწყდეს და სტაციონარებიც უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები “წამოწოლილი” პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს.

თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა”, – წერს ინფექციონისტი.