გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები აქედან მოდის პოლარიზაცია და არა პარტნიორებისგან – დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის ბრალდებები, რაც მათ ამერიკის საელჩოს წაუყენეს უაზრო შეთქმულების თეორიაა.

დეგნანი სთავაზობს ქართველ ხალხს, გაიხედოს წარსულში და დაინახოს, საიდან მოდის პოლარიზაცია. მისი თქმით, ეს “გავრილოვის ღამემ”, არშესრულებულმა დაპირებებმა, არადემოკრატიულმა ქმედებებმა განაპირობა და არა დასავლელმა პარტნიორებმა.

“მე ზუსტად არ ვიცი, რას ან ვის წარმოადგენს ეს ჯგუფი ან რამდენად განსხვავდებიან მმართველი პარტიისგან, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, დატოვებული აქვთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის ბრალდებები, რომლებიც მათ წაუყენეს ამერიკის საელჩოსა და სხვებს არის უაზრო შეთქმულების თეორია, რომელიც არანაირი ფაქტით არ მყარდება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამერიკის საელჩო მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში და ასე ვიქცევით ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ასე გვესმის საქართველოს მხარდაჭერა, რომ ამ ქვეყანამ განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ეკონომიკა და უფრო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა გახდეს. ნებისმიერი ბრალდება, რომ თურმე ჩვენ ვართ დამნაშავე ამ პოლარიზაციაში, რომელიც აქ არის, წარმოადგენს ბრალის გადატანის მცდელობას დასავლელ პარტნიორებზე, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ეხმარებიან ამ ქვეყანას. ეს პოლარიზაცია აქ იყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მე ჩამოვიდოდი და მე ვთავაზობ ქართველ ხალხს გაიხედოს წარსულში და დაინახოს, საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია. გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები სწორედ აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან”, – ამბობს კელი დეგნანი. 

“ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა გუშინ მორიგი ანტიდასავლური რიტორიკის განცხადება გაავრცელეს. მათი მტკიცებით, აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.