გავჩერდებით მაშინ როცა სომხეთი სრულად გაიყვანს ჯარებს ყარაბაღიდან – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბაქოს სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას,  განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში იმ შემთხვევაში შეჩერდება თუ სომხეთის ძალები უპირობოდ დატოვებენ ტერიტორიას.

“სომხეთის პრემიერ მინისტრმა შვიდი პირობა წამოაყენა, რომელიც ჩვენ უარვყავით. ჩვენ გვაქვს ერთი პირობა: მათ უპირობოდ, სრულად და დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ჩვენი მიწები. ეს პირობა ძალაშია და თუ სომხეთის მთავრობა შეასრულებს მას, ბრძოლა შეჩერდება, სისხლი არ დაიღვრება და მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს რეგიონში”, – აცხადებს  ალიევი.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, ქვეყანას მშვიდობა სურს და სწორედ ამიტომ იყვნენ მოლაპარაკებების ერთგულები 30 წლის განმავლობაში, თუმცა ისინი არასდროს შეეგუებიან ოკუპაციას.

შეგახსენებთ,რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

27 სექტემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხდა, რომ სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნტქებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. სომხეთი კი თავის მხრივ იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საჰაერო და სარაკეტო იერიშები მიიტანა.