გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარიმართოს – EMC შსს-სა და პროკურატურას

EMC ეხმიანება ტელეკომპანია ფორმულას ტელეწამყვანზე, ვახო სანაიაზე და მისი ოჯახის წევრებზე ძალადობრივი თავდასხმის ფაქტს.

“მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარიმართოს და მიმდინარე საქმეს სათანადო კვალიფიკაცია მიეცეს. მათ შორის, გამოძიებამ სათანადოდ შეისწავლოს სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლის საფუძველზე (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) სავარაუდო სიძულვილის მოტივი, რომელიც ვახო სანაიას ჟურნალისტურ საქმიანობასა და მის გამოხატვას, შეხედულებებს უკავშირდება. თავდამსხმელების მიერ გაკეთებული განცხადებები და აგრესია ვახო სანაიას საქმიანობას და კრიტიკულ მედიაორგანიზაციებთან მიმართებით ამგვარი მოტივის არსებობაზე მიანიშნებს”,- აცხადებს EMC.

ორგანიზაციის აზრით, მსგავსი შემთხვევები პოლიტიკური გარემოს პოლარიზების, ოპონენტების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგია, რომელიც ძალადობის და დაპირისპირების რისკებს მიკრო-სოციალურ დონეებზეც აჩენს და არაუსაფრთხო და მტრულ გარემოს ქმნის პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია აქტორებისთვის.

“ცალკე უნდა გაესვას ხაზი ჟურნალისტებზე თავდასხმის სხვა შემთხვევებზე არაეფექტიანი გამოძიების პრობლემას. მაგალითად, ათეულობით ჟურნალისტის დაზიანებას 2019 წლის 20 ივნისს, რომელიც ამ დრომდე არ არის გამოძიებული. რაც მთლიანობაში ახალისებს დაუსჯელობის გარემოს და ქმნის მტრულ საინფორმაციო და სოციალურ კლიმატს.

EMC მოუწოდებს  შსს და პროკურატურას გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარმართოს და კვალიფიკაციის დროს გამოიყენოს სსკ-ის 53 პრიმა მუხლი, რომელიც კონკრეტული დანაშაულების დროს სიძულვილის მოტივის არსებობას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევს და ამგვარი სახის დანაშაულებს საგანგებო სიფრხილითა და სიმკაცრით ებრძვის”,- აცხადებს EMC.

ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრს, მთავრობასა და პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, გააკეთონ საჯარო განცხადებები, რომელიც ამგვარ ძალადობრივ გამოცდილებებს დაგმობს და შექმნილი მტრული საინფორმაციო გარემოს ცვლილებისკენ იქნება მიმართული.