განვიხილავთ სტრასბურგისთვის მიმართვას, რათა თავიდან ავიცილოთ შემოჭრის რისკი – TV პირველის ადვოკატი

ფოტო: რადიო თავისუფლება

TV პირველის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ განიხილავენ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას, რადგან ტელევიზიაში შეჭრა შეაჩერონ.

“ამ მომენტში ვმუშაობთ ერთი მხრივ აღნიშნული განჩინების ქვეყნის შიდა ინსტანციებში გასაჩივრებაზე. ასეთი ტიპის განჩინებები ზოგადად მისი აღსრულებით 48 საათში საჩივრდება, ვადა ასეთია, თუმცა ჩვენ ამ ვადის დადგომას ვერ და არ დაველოდებით.

ასევე, განვიხილავთ შესაძლებლობას, ხომ არ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტელეკომპანიაში შემოჭრის რისკი, რომელიც შეიძლება დღეს პროკურატურის განცხადების ფონზე მინიმალურად ჩანს, მაგრამ არ ვიცით რა იქნება ხვალ”, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ ფორმულას ეთერში.