COVID-19-ით გარდაცვალების პიკს სექტემბრის პირველ კვირაში ველოდებით – ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების პიკი 17 აგვისტოს კვირა იყო, გარდაცვალების პიკი კი  აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი.

“მე-4 ტალღის პიკი იყო 17 აგვისტოს, ამის შემდეგ ინფიცირებულების რაოდენობა თანდათან მცირდება. რაც ყველაზე მთავარია, აქტიური შემთხვევები რაოდენობა არის შემცირებული. 61 ათასიდან ჩამოვედით 53 ათასამდე. მაგრამ ძირითადი ჩვენი სატკივარი არის, რა თქმა უნდა, გარდაცვალება.

შევაფასეთ 17 აგვისტოს კვირა, როგორც ყველაზე მაღალი [ინფიცირების] მაჩვენებლის მქონე, როგორც წესი, 2-3 კვირის შემდეგ უწევს ინფიცირებულობის პიკს გარდაცვალების პიკი. ამიტომ სწორედ აგვისტოს ბოლო და სექტემბრის პირველი კვირა იქნება ამ მხრივ საქართველოში ყველაზე მძიმე. ამ პერიოდში ველოდებით მაღალ მაჩვენებელს”,– თქვა მან TV პირველთან საუბრისას.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 76 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კორონავირუსის 2669 ახალი შემთხვევა.