გარწმუნებთ, რომ არანაირი პირობითობა არ იქნება – ზალკალიანი აშშ-ს დაფინანსებაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას და დახმარებაზე წინაპირობის დაწესებას გამორიცხავს.

“არათუ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვერც კი წარმომიდგენია მსგავსი სცენარით განვითარება. სამწუხაროდ, ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მძიმედ იყოს სიტუაცია საქართველოში და ქვეყანას დაუწესდეს სანქციები, რომ ეს გამოიყენონ ხელისუფლებაში მოსვლისთვის”, — განაცხადა ზალკალიანმა “პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისი თქმით, იზიარებს და ემხრობა, რომ მიიღონ რეზოლუცია, სადაც იქნება მოწოდება ორივე მხარისთვის.

“შეგახსენებთ არჩევნების წინა პერიოდს, ოპონენტების გამოსვლებს, როგორ თამამად აცხადებდნენ ისინი, რომ რეზოლუცია იქნება მიღებული, აპროპრიაციის აქტი იქნება მიღებული, ეროვნული თავდაცვის აქტი იქნება მიღებული, სადაც პირდაპირ იქნება სანქციები ჩადებული, ვნახეთ ჩვენ ეს ყველაფერი? — არაფერი!

კიდევ ერთი ფუჭი მცდელობა იქნება ამჟამადაც, რადგანაც როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში, თუ როგორი თანმიმდევრულია საქართველო ნაკისრი ვალდებულებებისადმი, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს პროცესი ვერ განხორციელდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე. ამიტომ მე საფრთხეს ვერ ვხედავ და გარწმუნებთ, რომ არანაირი ბმა და პირობითობა მომავალში არ იქნება“,— აღნიშნა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჯიმ რიშმა “ამერიკის ხმასთან” განაცხადა, რომ საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების გაცემის პირობების დაწესება განიხილება.

“საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება, თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს”,– თქვა მან.