გაცხადდა, რომ გახარია არ არის არც ოცნების და არც ივანიშვილის პროექტი – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ივანიშვილის წერილით გაცხადდა, რომ გახარია არ არის ოცნების პროექტი.

“გაცხადდა ამ ყველაფრით, რომ გახარია არ არის არც ოცნების პროექტი, არც ივანიშვილის პროექტი და ამით მგონი გაცხადდა ისიც, რომ გახარია არის სხვა ვინმეს ან სხვა რამის პროექტი.

რაც შეეხება შეფასებას – ღალატი, მოღალატე, ეს საუკეთესოდ ასახავს მგონი იმ ყველაფერს, რაც მოხდა ამ წლის თებერვალში საქართველოში. ეს ყველაფერი საუკეთესოდ ასახავს იმას, თუ რა ნაბიჯები გადადგა გახარიამ. ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდის ღალატი და უფრო მეტიც, როგორც ეს ითქვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშიც, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ეს შეიძლება პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი”, – განაცხადა კობახიძემ.